სიყვარულით და ღიმილით ერთმანეთს დავუბრუნოთ თბილისი…იგრძენით ერთმანეთი…

ბლოგი

თამთა მეგრელიშვილი

შეციებული ქალაქი, ნაცრისფერ სახეზე ოდნავ დაჭორფლილი გრძნობები დასთამაშებს გათეთრებულ ტუჩებს, ცივი ხელებით სწავლობს საკუთარი ნაოჭების სიღრმეს და საშინელი, ტკივილიანი ხველებით ეხუჭება თბილისური თვალები…

გაიცანით, ეს ქალბატონი ქალაქია, სახელად თბილისი.

აქ ხანშიშესული ქუჩებია ვიწროც და განიერიც, აქ სტუმრის მიღებაც შეიძლება არ შეგარცხვენს, გვიან ღამით გამოსულს თუ ძალიან გაგიმართლა შესაძლოა თავად სიყვარულიც შემოგხვდეს ფეხარევით. დღე? დღე იმალება, ეშინია, მიზეზი აქვს, დამიჯერე…

ეს ქალაქია, ქალაქი სადაც ადამიანები სწრაფი ნაბიჯებით გვერდს უვლიან ერთმანეთს,სახეზე სიმკაცრე შეყინულები მირბიან, მიდიან, ეჯახებიან, შეურაცხყოფენ,ერთმანეთს. ეს თბილისია, ადგილი სადაც ღიმილი დაავიწყდათ,სიკეთე მობეზრდათ,ეს ის ქალაქია, სადაც დედამ ნაგვის ურნასთან დატოვა შვილი!

ის, სადაც მე კათარზისიდან გამოსულ მოხუცს გულგრილად ავუარე გვერდი;

სადაც მე, შენ და შენც ნაგვის ურნას წავუკიდეთ ცეცხლი, ხეებს სასიკვდილო საწამლავი დავასხით ფესვებზე მერე რომ დიდი კორპუსები ავაშენოთ,ეს გაზის ბალონებზე მომუშავე მანქანების ქალაქია,ეს მხოლოდ მარჯვენა თვალით მხედველი მძღოლების ქალაქია,ეს ბინძური სექსის ქალაქია დღეს.

იცი, აქ ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებიან, მაგრამ იშვიათად უყვართ,აქ ერთმანეთს გულშიც იკრავენ, მაგრამ იშვიათად გრძნობენ, აქ გისმენენ, მაგრამ არ სტკივათ, აქ თვალებშიც შემოგხედავენ, მაგრამ ფეისზე მოსული წერილებისა და “ლაიკების” დარდი ჰკლავთ, აქ მართლა ყველაფერი მოსულა, ვერ გაიგებ, ვინ ვისი საყვარელი ან ბავშვის მამაა, აქ დამალული ოჯახებიც მომრავლდა, აი ისეთი, ქმარი რომ შენი გგონია და მეორე ოჯახიდან მოსული რომ გიყურებს თვალებში, მერე რა შენ ჯერ “ჭურში ხარ”, აქ მიტოვებული “ბოზები” ცოლის სტატუსს ეთამაშებიან – გავთხოვდე მაინცო… აქ თბილისია, გამხდარი,ნაცრისფერი,გადაღლილი თბილისი. აქ სიყვარულს სასეირნოდ გამოსვლისაც ეშინია. იმალება,იმალება და ერთ დღესაც არ გამიკვირდება ჩაალაგოს ბარგი და სამუდამოდ მიგვატოვოს… ჩემო თანაქალაქელებო,ჩემო ღიმილ დავიწყებულო,გულშეშინებულო, მოტყუებულო, ათასჯერ გაცვლილო ადამიანებო, ჩაკიდეთ ერთმანეთს შეციებული ხელები, ანდეთ ერთმანეთს შეშინებული გულები,გაახსენეთ თვალებს, რომ იქ მაღლა არსებობს ცა, არსებობს მზე,თქვენს დონეზე არსებობენ დიდი და პატარა თვალები,ფერადები,შავები,თაფლისფერები,გაახსენეთ ერთმანეთს ღიმილი,მიუახლოვდით და გულში ჩაიკარით ის, ვინც გიყვართ , ისიც, ვინც გული გატკინათ. იგრძენით ერთმანეთის თვალები,სიტყვები,სითბო და ღიმილები.

…გაათბეთ ერთმანეთით თბილისის ხანშიშესული ქუჩები,დაუთმეთ ერთმანეთს სიტყვა,გზა,რიგი… დავუბრუნოთ თბილისს სახეზე ფერი,გათეთრებულ ტუჩებზე თბილი ღიმილი,ვუმკურნალოთ მის დაავადებულ ფილტვებს და ერთად დავანთოთ სიყვარულის სანთლები, ერთად გავუშვათ ცაში სიყვარულის გულები, ერთად დავითვალოთ – გაცოცხლებული, ერთმანეთთან დაბრუნებული ერთმანეთი!