მერია მარშის ორგანიზატორებს მიმართავს-აქცია ჩატარდეს სხვა ლოკაციაზე ან სხვა დროს

თბილისის მერია ქართველთა მარშის ორგანიზატორებს დღეისთვის დაგეგმილი აქციის სხვა ლოკაციაზე გადატანას თხოვს. აღმაშენებლის გამზირზე კორკოტაშვილი-ბრეგაძისა და “ევროპული საქართველოს” “არა რუსულ ფაშიზმს” მსვლელობის პარალელურმა გამართვამ, მუნიციპალიტეტის განმარტებით, შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს. ქართველთა მარშის ორგანიზატორებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია:

“23 ივლისს, თბილისში, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის ჩატარების მოთხოვნით 17 ივლისს ”ევროპულმა საქართველომ” უკვე მიმართა, ხოლო მეორე აქციის წარმომადგენლებმა კი, 21 ივლისს მიმართეს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 21 ივლისს შეტანილი განცხადების ავტორთა მიერ დაგეგმილი აქცია ჩატარდეს სხვა ლოკაციაზე ან სხვა დროს.

“ვინაიდან მიმდინარე წლის 23 ივლისს დაგეგმილი აქციების მიმდინარეობისას შესაძლებელია შეიქმნას კონფლიქტის ექსკალაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით თქვენს მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია ჩატარდეს სხვა ლოკაციაზე ან სხვა თარიღში.”