“ბავშვს ეუბნებოდა ტრუსი გამოწიე…მანქანაში ფარდები ჰქონდა…რას ჰყვებიან პედოფილიაში ბრალდებული პირის მეზობლები…

ზაზა სვანაძე

დამოუკიდებელი ჟურნალისტი

”თბილისში დაკავებული მამაკაცი 100-ზე მეტ არასრულწლოვან ბიჭთან გარყვნილ კავშირს აღიარებს” – ამ სათაურით გამოქვეყნებული მასალა გასულ კვირას იხილა პუბლიკამ, ერთ-ერთ ცნობილ პორტალზე, Primetime.Ge – ზე. თუმცა, შოკისმომგვრელი ამბავი, ქართული პოლიტიკის თუ საზოგადოების ექოებში ჩაიკარგა. იმავე სტატიიდან შევიტყვეთ ისიც, რომ მოქალაქე ვ.გ-ს წინააღმდეგ არსებული საქმის მასალების გაცნობის შემდეგ რამდენიმე ადვოკატმა მის დაცვაზე უარი თქვა.
აღნიშნულ ექსკლუზივს დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია, მაგრამ გარკვეულ წრეებში გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს საქმე ძალიან საეჭვოდ დაემთხვა დროში, პედოფილიასა და პროსტიტუციის ხელშეწყობაში შემჩნეული უცხოელი მოქალაქეების წინააღმდეგ გაშლილ კამპანიას.
ცხადია, პროცესი მედიისთვის დახურული იქნება, რამეთუ საქმე ეხება ათობით მოზარდის გაუპატიურებას და მათთან გარყვნილ ქმედებებს. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძალიან მოკრძალებული კომენტარით შემოიფარგლა ამ ეტაპზე. ოფიციალური უწყებებისგან განსხვავებით, მედიის წარმომადგენელთა მოვალეობაა საზოგადოების მიუკერძოებელი ინფორმირება, (სტანდარტების დაცვით) შესაბამისად თემის კვალდაკვალ ვაგრძელებთ ამ შემზარავი ისტორიის ირგვლივ დეტალების გარკვევას, რის გამოც მძიმე დანაშაულში ბრალდებული მოქალაქის სამეზობლოს ვესტუმრეთ. აქვე შეგახსენებთ რომ, სტატიაში არ იქნება დაკონკრეტებული ის გეოგრაფიული არეალი (ზუსტი მისამართი) სადაც ცხოვრობდა დაკავებული, რათა ამ სტატიიდან გამომდინარე, თავიდან ავიცილოთ მის ოჯახზე რაიმე ტიპის შესაძლო შურისძიება. მეზობლების რეალური ვინაობა, პირობითი სახელებით შევცვალეთ.
თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის ცენტრს გასულ საუკუნეში აგებული მრავალსართულიანი შენობები დაჰყურებს.  ქუჩაში ხალხი კანტი-კუნტად მოძრაობს. დანიშნულების ადგილისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ. ნაცრისფერ კორპუსებს დაკვირვებით ვათვალიერებ, იქნებ ქვემოდან მაინც მოვკრა ვინმე ისეთს, ვინც ჩამეწერება. ვუახლოვდები მაღალ შენობას, რომლის წინაც რკინის სკამებზე შუა ხნის ადამიანები შევნიშნე – გადახურულ კონსტრუქციაში შევიხედე და ადგილობრივებს მივესალმე, რის შემდეგაც ჩემი დაუგეგმავი ვიზიტის მიზნებზეც მოვახსენე. კაცებმა თავიდანვე უარი განაცხადეს ინტერვიუზე, – ამიტომ კითხვებით შუა ხნის ქალბატონს მივმართე.
– ნონა ( პირობითი სახელი ) სიმართლე გითხრათ, გული მიგრძნობდა კიდეც რომ ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, ზოგჯერ ფანჯრიდანაც ვაკვირდებოდი ამ კაცის საქციელებს და რაღაცას ვხვდებოდი… დიდი ხანია ვამბობდი, მაგრამ არავინ არ მიჯერებდა…
– უკაცრავად დასაწყისშივე რომ გაწყვეტინებთ საუბარს, რას ამბობდით დიდი ხანია? 
– იმას რომ კარგად არ დამთავრდება ეს ამბავი მეთქი! ამ კაცს სულ ბავშვები ეხვია გარს, სულ! 24 საათის განმავლობაში ეთამაშებოდა მოზარდებს, ხან რას ყიდულობდა, ხან რას!
– თუმცა დამეთანხმეთ, პატარებისადმი გამოვლენილი ყურადღება, თუნდაც ელემენტარული სიკეთის სახით, ნამდვილად არ გამოდგება საიმისო არგუმენტად, რომ ადამიანი პედოფილია. 
– აქ საუბარი არააა ორ შოკოლადზე და სამ ნაყინზე, ის პატარებს ძვირადღირებულ ნივთებსაც ყიდულობდა, ასეირნებდა მანქანით, უხდიდა კომუნალურ გადასახადებსაც;ასე მაგალითად, გვერდზე სადარბაზოში ობოლი ბავშვი ცხოვრობს, დედა დაუჭირეს, მამა არ ჰყავს, ჰოდა აი იმ ბავშვს არჩენდა. რომ ჩამოდიოდა სულ ბავშვები ეხვია გარს.
– იმდენად კატეგორიულ ტონალობაში საუბრობთ, ეჭვი მიჩნდება ყველაფერს არც მეუბნებით, უფრო რომ დავკონკრეტდეთ; რამე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავთ გ-ს ქმედებებში, არასრულწლოვნებთან მიმართებაში? 
– როგორ ფიქრობთ, ვინმეს დაანახებდა ასეთ რამეს? ძალიან ფრთხილად რომ არ ემოქმედა, 42 წლის ასაკში აქამდეც გაუსკდებოდა ეს ამბავი. უბრალოდ ის მომენტი, რომ უცოლშვილო კაცი, სხვისი შვილების მიმართ იჩენს ყურადღებას გამორიცხულია.
თუ ჰყავდა მეგობრები და რა ინტენსივობით სტუმრობდნენ? რადგანაც მეზობელი ხართ შენიშნავდით. 
– ზრდასრული ადამიანი მე მაგასთან მისული არ მინახავს – არც ქალი, არც კაცი. ნუ რაღაც კომუნიკაცია ჰქონდა უბნელებთან და ისიც გამარჯობის დონეზე.
ქალბატონთან საუბრის დასრულებისთანავე, ხანში შესული კაცი მოგვიახლოვდა – მის ვინაობასაც გასაგები მიზეზების გამო არ დავაკონკრეტებთ.
– ცუდი ამბავი მოხდა შვილო, მთელი უბანი გაგიჟებულია, რაც გ. დააკავეს, მისი ძმა იშვიათად ჩამოდის ქვემოთ, თუ ჩამოდის იმას ამბობს ფინანსურ დანაშაულზეა დაკავებულიო.
– რას საქმიანობდა იცით? 
– როგორ არა! დაზიანებულ ლიფტებს აკეთებდა.
– და ლიფტიორს ამხელა რა შემოსავალი ჰქონდა? 
– ბევრგანაა მის მიერ დაყენებული ყუთები, აი ხურდებს რომ ვყრით ასვლა-ჩამოსვლისას. მერიასთანაც ჰქონდა შეხება, ფინანსურად ცუდად არ იყო. ნეტავი ფინანსური დანაშაული იყოს და ეგ არა – რაც გავიგეთ. წარმოიდგინეთ ოჯახები როგორ ნერვიულობს…
– უფროსი კაცი ხართ, ბევრი გინახავთ და გაგიგიათ, როგორ ფიქრობთ, არის იმის შანსი, რომ ვინმე უგონებდეს თქვენს მეზობელს ასეთ რამეს? 
– გამორიცხულია შვილო, ასეთ რამეს მტერიც ვერ მოგიგონებს.
– თქვენი ვარაუდით, ამ ტიპის სექსუალური დანაშაული სად შეიძლებოდა რომ ჩაედინა ძალადობაში ეჭვმიტანილს? 
– აქ, ამ კორპუსში მაინც არ მგონია, უფრო სხვაგან გააკეთებდა. მაგას იძახებდნენ ამ ლიფტების გასაკეთებლად, მოდებული იყო ”პადიეზდებში”. იქ კაბინას გააჩერებდა, ან ლიფტის შახტის თავზე განთავსებულ ჯიხურში აიყვანდა…
– იცით რა მიკვირს ყველაზე მეტად? თუ ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა, ამდენი ხნის განმავლობაში რომელიმე ბავშვს როგორ არ წამოცდა? ან უფროსებთან, ან თანატოლებთან, ან სკოლაში? 
– ფაქტია გახმაურდა ეს ამბავი… რა დაიმალება?! სულ ბავშვებთან ტრიალებდა, ზღვაზეც აჰყავდა გვერდზე კორპუსიდან ბავშვები. თან მის გარდა უფროსი არავინ იყო.
 საუბარში შუა ხნის მამაკაცი ერთვება; 
– მე შევესწარი ძმაო, პატარა ბავშვს ეუბნებოდა ტრუსი გამოწიე და მაჩვენეო…
და ამაზე რა რეაქცია გქონდათ? 
– რა რეაქცია უნდა მქონოდა? ხუმრობად აღვიქვი. სამსახურიდან რომ ბრუნდებოდა, ბავშვებს ეუბნებოდა მაკოცეთო და ხო იცით საჩუქრები იქნებაო. ლოყას მიუშვერდა და ესენიც მივარდებოდნენ – ზოგს ორ ლარიანს აჩუქებდა, ზოგს, ნაყინს, ზოგს შოკოლადს. მაგათ მოქრთამვას რა უნდა?
– გეთანხმებით, ბავშვის მოქრთამვა ადვილია, მაგრამ რა რეაქცია ჰქონდათ მშობლებს ყოველივე იმაზე რასაც აქ ვისმენ? 
– ერთმა მეზობელმა ცემა კიდეც; ძვირფასი ტელეფონი უყიდა 10-11 წლის ბიჭს, ტკბილეულითაც ამარაგებდა ამ ბავშვს. მშობლებმა გაიგეს ეს, ჰოდა მამამისმა თავიდან გასაგებად აუხსნა ამას, მე ძმაო არ მაქვს საშუალება ნაირ-ნაირები ვუყიდო ჩემ შვილს, თორემ შენზე ნაკლებად მეც არ მინდა რამე მიაკლდესო, აიჩემებს მერე და ნუ აჩვევ ამ საჩუქრებსო. ამან გააგრძელა დასაჩუქრება, ჰოდა ერთი ორიც მიიღო.
– თბილისის ზღვაზეც მიჰყავდა პატარებიო, წეღან ითქვა – თუ გაიხსენებთ, ერთი და იგივე ბავშვები მიჰყავდა? ცალ-ცალკე ისვამდა მოზარდებს, თუ რამდენიმეს ეპატიჟებოდა ერთდროულად? 
– ბევრი ერთდროულად არ წაუყვანია, ნუ ახლა რომ ვიხსენებ, უფრო თითო ოროლა მიჰყავდა. თან არ დამავიწყდეს იმის თქმაც, რომ მანქანაში ფარდები ეკიდა, ადრე, რო ჰქონდათ ”ოცდაოთხებში” – ძალიან საეჭვოდ – ვის აქვს ფარდები დღეს მანქანაში?! გაესაუბრეთ მეზობლებს და გეტყვიან, ზოგმა შეიძლება თავი აარიდოს უცხო ადამიანთან საუბარს, მაგრამ ბევრი დაადასტურებს აქ ნათქვამს.
12 სართულიან კორპუსს წრე შემოვარტყით, შენობის უკან შუა ხნის მამაკაცი იჯდა – რამდენიმე კითხვა მასაც დავუსვით; 
– ეგ ამბავი თუ დამტკიცდა, ალბათ სახლის გაყიდვაც მოუწევთ, აქ უკონფლიქტო ხალხი ვცხოვრობთ, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ვინ დააკავებს პატრონებს?
– თქვენი ინფორმაციით, ვინმე აპირებს შურისძიებას ოჯახზე? ლინჩის წესით გასამართლება ხომ არ იგეგმება? 
– არ მინდა ამ თემაზე საუბარი, თუმცა არაფერია გამორიცხული…
– ახლო შეხება გქონდათ გ-სთან? 
– მაგას ძირითადად მაშინ ეკონტაქტებოდნენ, როცა ლიფტის შეკეთება ჭირდებოდათ, მშვიდად მიდიოდა და მოდიოდა, მაგის ხმამაღალი საუბარი არავის გაუგია, ის კი არადა, ისე ხმადაბლა ლაპარაკობს, რომ ყური თუ არ მიუწიე სახესთან ვერ გაიგებ რას ამბობს.
აქ მაცხოვრებლები, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავს რას ამბობენ? 
– რას იტყვიან? დანა პირს არ უხსნის ხალხს, გვერდზე კორპუსებიდანაც გადმოდიან და ხმადაბლა საუბრობენ ამ ამბავზე, სხვა რა გითხრათ? სასამართლოა და ვნახავთ რა იქნება.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ რესპოდენტს დავემშვიდობეთ და ისევ წინა ეზოს მხარეს გადმოვინაცვლეთ, სადაც ახალგაზრდა დიასახლისთან გასაუბრებაც მოვახერხეთ. 
– ინტერვიუზე იმ შემთხვევაში დაგთანხმდებით, თუ არ გამომაჩენთ, სახელიც არ უნდა ახსენოთ…
– ასეთ დროს კონფიდენციალურობის პირობას დავიცავთ რა თქმა უნდა. რას გვეტყვით თქვენს მეზობელზე, რომლის ირგვლივაც ასეთი ამბავია? 
– ახალი რა უნდა გითხრათ? ამბობენ, თავად აღიარებსო…
– თავად თქვენ თუ შეგინიშნავთ ოდესმე რამე საეჭვო მის ქმედებებში? 
– იცით როგორ არის? რასაც ეჭვობ ადამიანი, რასაც გაივლებ, ყველაფერს ვერ იტყვი, ვერ დაუშვებ გონებაში. ამ ბავშვებზე რო იყო ზედმეტად აკიდებული, თან ეს უცოლო კაცი, რაღაცას კი გამკრავდა გულში, მაგრამ მაინც ვერ ვიფიქრებდი ასე გადაჭრით. მით უმეტეს ვერ ვიტყოდი.
– ხომ არ იცით, როდის გაჩნდა პირველი ეჭვი გ-ს პედოფილიურ კავშირებზე?
– სანამ მაგაზე გიპასუხებდეთ, სხვა რამეს გეტყვით, როგორც მე ვიცი, ეგ ბავშვობაში ფსიქიატრიულთანაც იყო კავშირში, მაგრამ ამას არავინ იხსენებდა. ჩემი დაკვირვებით მხოლოდ ბიჭებს დადევდა. გოგოების მიმართ არ იჩენდა ინტერესს. ამ უბედურების შესახებ, მას მერე გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთ მოზარდს სხვანაირი მიწერ-მოწერა უპოვეს. მაგის მისამართზე აღმოჩნდა შიშველი ფოტოები გაგზავნილი; ბავშვს თხოვდა ჩაიხადე, გადაუღე და გამომიგზავნეო.
– ადგილობრივები, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავს რას ამბობენ? 
– აგერ კი ხედავთ ცარიელია ეზო. ახლა შუა დღეა, მაგრამ ამხელა კორპუსები დგას ირგვლივ და არავინაა, არადა სულ დარბიან აქ. ამ ამბის მერე ზოგი მშობლებმა წაიყვანა თბილისიდან, ზოგს სახლიდან არ უშვებენ, თუ ვინმე არ ახლავს. ექსპერტიზაზეც ჰყოლიათ იქეთა კორპუსის ბავშვებიო გავიგე, ფსიქოლოგებს უნდა შეემოწმებინათ, ღმერთმა დაიფაროს ყველა მშობელი ამ უბედურებისგან.
რესპოდენტ ქალბატონს დავემშვიდობეთ. დანარჩენ მეზობლებს, რომლებიც ოდნაც მოშორებით, გადახურულში ისხდნენ შორიდან დავუქნიეთ ხელი. ინტერვიუები ოდნავ უხერხულ ტონალობაში, ხმადაბლა საუბრის ფონზე მიმდინარეობდა, ზოგიერთ მათგანს სწორედაც რომ იმ ასაკის მოზარდი ჰყავს სახლში, რა ასაკის არასრულწლოვნებთანაც გაუკუღმართებულ სექსუალურ კავშირებშია ეჭვმიტანილი გ. ვ.
P.S. – საზოგადოება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასიურ შემოდინებაზე წუხს, საზოგადოება, რომელსაც ღამის კლუბების მომრავლება აწუხებს და ამ თემაზე მარშებს მართავს, ნაკლებად ინტერესდება ამ საზარელი ფაქტით, რომელიც ჩვენს დედაქალაქში სულ ახლახანს მოხდა. როგორც ჩანს აზიელი სტუმრების პედოფილიაზე საუბარს, პოლიტიკური დატვირთვაც აქვს – რეალურად კი პედოფილებს სამშობლო არა აქვთ.