“აღარ მინდა ვახსენო არც ნაცები და არც ქოცები, თავისი ცოდვა ეყოფათ…”

ზაზა ფირალიშვილი

ფილოსოფოსი

ორი წლის წინ დამიწერია. თითქოს გული მიგრძნობდა, რომ ხელისუფლება ისევ ისე მოიქცეოდა, როგორც ყოველთვის და სულ მალე ინიციატივას ის ძალები აიღებდნენ ხელთ, ვისაც ჩრდილოეთი წლების განმავლობაში ამზადებდა. რაღაც ძალიან ცუდისკენ შეიძლება ყველაფერი წავიდეს, თუ ქვეყანაში არ გაჩნდება კრიტიკული მასა ადამიანებისა, სიტუაციის ჩიხიდან გამოყვანას რომ შეეცდება. არ ვიცი, საიდან, მაგრამ უნდა გაჩნდეს. საქმე მხოლოდ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას არ ეხება. ვინც ასე სვამს საკითხს, უბრალოდ, გვატყუებს ან თავს იტყუებს. მავანთა ახლანდელი მოსკოვური ვოიაჟი მხოლოდ თუ დაუდასტურებს იქაურ სტრატეგოსებს, რომ სწორი გზით მიდიან და რომ წარმატებით შეუძლიათ განაგრძონ ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაშლა და ნაწილებად მიერთება. აღარ მინდა ვახსენო არც ნაცები და არც ქოცები. თავისი ცოდვა ეყოფათ დღევანდელი მდგომარეობის გამო.

2 წლის წინ დაწერილი:

საზღვარი კიდევ გადმოსწიეს.ისინი ჩვენს სულმოკლეობაზე დებენ ფსონს. ხან მინიშნებით და ხან პირდაპირ გვისვამენ პირობას, რომელიც მხოლოდ იმბეცილებს შეიძლება შესთავაზონ: თურმე, საზღვრებისა და, უფრო მეტიც, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გადაწყდება, თუ “რუსულ სამყაროს” შევუერთდებით ჩვენი საზღვრებიანად, ქალაქებიანად და სოფლებიანად. ასე მხოლოდ იდიოტებს ელაპარაკებიან. ასე ლაპარაკს მხოლოდ რუსულ ლაგერების მორალით გაჟღენთილი პოლიტიკოსები კადრულობენ. სწორედ ესაა “რუსული სამყარო”: რაღაც მითიური სულიერების მიღმა შეფარული ბანალური ძალადობა და უკულტურობა. ასე მხოლოდ ბანდიტები “კერავენ” გულუბრყვილო მსხვერპლს.
ხელისუფლების სიმშვიდე გაუგებარზე მეტია. სულელის მეტი არავინ მოითხოვდა მათგან სამხედრო ზომებს ან ცეცხლოვან რიტორიკას. ასეთი აბსურდი ამ რამდენიმე წლის წინ მოუვიდათ აზრად და დღემდე ვიმკით ნაყოფს. რა უდგას წინ აგრესიულ დიპლომატიას? რა უდგას წინ უფრო მკაცრ ტონს არა მხოლოდ რუსეთის პოლიტიკის შეფასებისას, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოსაფხიზლებლადაც? ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი უვნებო ქცევით მოძალადეს დავაოკებთ? ეგებ, პირიქით, ხელს ვუწყობთ, რომ ტერიტორიების მიტაცების პროცესი გაგრძელდეს? იქნებ, ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს გაერკვეს, რა პასუხისმგებლობა იკისრა და მესამე წელს მაინც გამოვიდნენ ნაცების დამარცხებით გამოწვეული ეიფორიიდან – თუკი, ცხადია, შეუძლიათ.