“უნდა ვიფიქროთ ჩვენ რას მივცემთ სამშობლოს, რას გავაკეთებთ და აი მე ვაჩვენე მაგალითი ამისა”

სნოში, სასტუმროს გახსნაზე სნოს ხეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. უწმინდესმა და უნეტარესმა შრომის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ვიმყოფებით მეტად მნიშვნელოვან რეგიონში, ეს არის სნოს ხეობა, ხევი, რომელიც იცავს საქართველოს ჩრდილოეთი მხარიდან. ეს სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლოს და მატერიალური სარგებელი ნახოს, ეს აშენდა იმისთვის, რომ ვნახოთ და გავიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ჩვენ ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ჩვენ რას მივცემთ სამშობლოს, რას გავაკეთებთ და აი მე ვაჩვენე მაგალითი ამისა. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ ყველაფერი მოდის, მოსავალი, ჰაერი, ყველაფერი მოგვცა ჩვენ ღმერთმა და ამიტომ, ვისარგებლოთ ამ ღვთის წყალობით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავუბრუნდებით შრომას. შრომა, ეს არის მკურნალი ადამიანისა“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

დღესვე, ახლადგახსნილ სასტუმროში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნის  – „ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“  და უწმინდესისა და უნეტარესისადმი მიძღვნილი წიგნის – „პირმა დაგლოცასთ ღვთისამა“ პრეზენტაცია გაიმართა.