დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.

ბრალდების მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა ცვლილებებით დააკმაყოფილა.

ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დაკავებულების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

მელაშვილისა და ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარემ ასევე მოითხოვა, ბრალდებულებს აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პროკურატურის ინფორმირების გარეშე და გადაყენებულნი იქნენ თანამდებობებიდან, რომლებსაც იკავებდნენ. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პროკურატურის მოთხოვნაზე უკმაყოფილება გამოთქვა ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე დაკავებულებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ბრალს არ აღიარებენ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურამ მიერ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.