ოკუპირებული აფხაზეთი ტურისტულ სეზონს ნიღბიანი ე.წ. სპეცდანიშნულების რაზმებით ხვდება

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინოგენური ვითარების გამწვავების გამო, სოხუმში პატრულირება ნიღბიანმა ე.წ. სპეცრაზმელებმა დაიწყეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ გამოჩენის შემდეგ, გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.

ვითარება კი, თავად ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საკმაოდ რთულია. 2017 წლის ექვსი თვის მუშაობის შედეგების მიხედვით, ე.წ. რეგისტრირებული დანაშაულების მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

ოკუპირებულ რეგიონში, დე ფაქტო ძალოვანი უწყების მიერ ე.წ. სისხლის სამართლის დანაშაულის 382 შემთხვევაა რეგისტრირებული, როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 298 იყო. გამოვლენილია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის 78 ფაქტი, როცა, მათივე მონაცემებით, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 47 იყო.

78 ფაქტზე აღძრულია მხოლოდ 42 ე.წ. სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია 82 ადამიანი, მათ შორის რუსეთის 14 მოქალაქე. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებიდან ყველაზე დიდი ოდენობით მეტადონია ნაპოვნი – 274 გრამი, რომლის ღირებულებაც 12 მლნ რუბლს შეადგენს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ე.წ. პასპორტიზაციის საკითხზეც ისაუბრა და ოკუპირებული გალის რაიონში ე.წ. საპასპორტო სამსახურების მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა.

თავად დე ფაქტო უწყების მონაცემებით კი: 2017 წლის პირველ ნახევარში გაიცა 18 922 ე.წ. ნაციონალური პასპორტი, 715 ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი, 794 ე.წ. ცნობა ფორმა ნომერი ცხრა. ე.წ. ბინადრობის მოწმობის გასაცემად 689 პირის საქმე არის განხილვის პროცესში, მთლიანად კი 35 ე.წ. ბინადრობის მოწმობაა გაცემული აქედან 23 – ოკუპირებულ გალში, ორი – ტყვარჩელისა და 10 – ოჩამჩირის რაიონში.