„ბატონო გიორგი, რომ დაგიჯერონ გამყოფ ხაზს იქეთ, სრული სიმართლე უნდა უთხრათ!..

  “მინდა მივესალმო დევნილებს და ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერ იღონებს, რომ ღირსეული ცხოვრების პირობები შეგიქმნათ. ძალიან ბევრ ოჯახს უკვე გადავეცით საცხოვრებელი სახლი, 2012 წლიდან დღემდე 12 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ბინა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოში კანდიდატების წარდგენისას.

მის ამ მიმართვას პროგრესულ-დემოკრატიული პარტიის დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი, თავად დევნილი მარინა ჩაჩუა ეხმიანება და საჯაროდ მიმართავს პრემიერს:

-„ბატონო გიორგი, რომ დაგიჯერონ გამყოფ ხაზს იქეთ, სრული სიმართლე უნდა უთხრათ, რამდენმა მიიღო წელს გასაგებია, მაგრამ რა მიიღო და შეესაბამება თუ არა პროგრამის შინაარსს, რომლის სახელწოდებაა “გრძელვადიანი განსახლების პროგრამა”, “გრძელვადიანი”, მხოლოდ ჩასახლებას არ გულისხმობს, ეს ერთი, და მეორე – იქვე უნდა დასძინოთ რამდენია კიდევ ჩასასხლებელი, ცოტა უხერხულია ამ სიმართლის თქმა… 24–წელია, მაგრამ სხვანაირად არ დაგიჯერებენ და რა აზრი აქვს?

ეხლა, რაც შეეხება რა ხდება და რატომ ხდება, რა არის ეს “გენიალური” ნაშრომი –”განსახლების კრიტერიუმები”, რომელშიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახები ჯერ ახლოსაც არ არიან ამ პროგრამაში თავი შეყონ, რადგან “უმწეოთა ბაზაში” ვერ ხვდებიან დიდი მცდელობის მიუხედავათ, ან სიდუხჭირეში ყოფნას არჩევენ, ვიდრე “უმწეოს” სტაუსი ჰქონდეთ, რადგან იდეაში “უმწეო” არ არიან – გონებაც უჭრით და მკლავიც, მაგრამ მათი რესურსი იგნორირებულია, სხვა და სხვა – ამ თემებზე ნამდვილად ნურაფერს ვეტყვით – ეს აქ ჩვენში მოვხარშოთ და ვიფიქროთ გამოსწორებაზე, თორემ იტყვიან… იტყვიან, იტყვიან, ბევრ რამეს იტყვიან, აკი ამბობენ კიდეც…

თუ გვინდა დაგვიჯერონ ადამიანებმა ამ და ზოგადად სხვა ყველაფერში, ჯერ თავად უნდა გვჯეროდეს იმის, რასაც ვამბობთ!

დარწმუნებული ვარ, ბატონო გიორგი, თქვენ რასაც ამბობთ, გულით გინდათ, გჯერათ რომ ეს ყოველი მიღწევადია და რა თქმა უნდა არ იტყუებით, მაგრამ ისე გაართულა თქვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ, ისეთი “ამაზრზენი პირამიდები” ჩაამონტაჟა, რომ მისი სრულიად დანგრევა 4 წელში რა თქმა უნდა ვერ მოხერხდებოდა და ამის მოლოდინი არც გვქონია, ამიტომ “ოცნებას” ათასგვარი დაპირებებისგან თავი უნდა შეეკავებინა 2012–ში, დაპირებების შეუსრულებლობაზე შეგნებული ამომრჩეველი ხმასაც არ იღებს, მაგრამ იყო დიდი პრეტენზიები “კოჰაბიტაციასთან”, რაც მართლა მოულოდნელი იყო, თან ამ ფორმით.

ასე ჭირდებაო ქვეყანას, კი ბატონო ავიტანეთ, მოვითმინეთ!
და აი, მოვედით არჩევნებამდე…

ეხლა კი საერთოდ ვერ ვგებულობთ რა ხდება და ჩემი აზრით “ამ სიმართლეებზე” უნდა გველაპარაკოთ და არა “დაპირებებზე”, ჩვენ რა მართლა “უმწეონი” კი არა ვართ, ეს “მიშამაგარიამ” გადაწყვიტა ასე და ამის შეცვლაზე არ ფიქრობთ? ( ე.წ. “მოსახლეობის სოციალური დაცვის” არსებული სისტემაზე უარი უნდა ვთქვათ, სრულიად ახალი მოდელი გვჭირდება, მაგრამ დიდი თემაა და მეცნიერულ დონეზე გადასაწყვეტი). ასეთ თემებზე გვესაუბრეთ, სიმართლით გვესაუბრეთ, დაგვაჯერეთ ასეთ, სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებზე რომ ფიქრობთ – აქ არის გასაღები ჩვენი “ხმების”, აუცილებლათ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაზროვნებთ!“

კომენტარის დატოვება