მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი „ეროვნული თანხმობისათვის“ კონგრესის სესიაზე მხოლოდ პრემიერს იწვევს-მიმართვა კვირიკაშვილს

ქართული ერთობის დარბაზმა რომან რურუას წიგნის “მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში” წარდგენა რეგიონებში დაასრულა და ახლა 4 აგვისტოს კონგრესის სესიას მართავს.

ერთობის დარბაზი პრემიერს “იმედის წიგნს” საჩუქრად უგზავნის, სესიაზე  იწვევს და საჯაროდ მიმართვას გიორგი კვირიკაშვილს:

საქართველოს პრემიერმინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და  გიგზავნით „იმედის წიგნს“ – „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“ და გიწვევთ კონგრესის სესიაზე, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი  _  „ეროვნული თანხმობისათვის“.

ეს წიგნი ლეგენდარულ რომან რურუაზეა, მაგრამ ის მას ნაკლებად სჭირდება, ჩვენ კი და ალბათ, მთავრობასაც, განსაკუთრებულად. მისი გამოცემის იდეა   „ქართული ერთობის დარბაზის“ სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის შეხვედრებზე დაიბადა და მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის „ეროვნული თანხმობისათვის“ კონგრესის სესიაზე გადაწყდა.

ეს წიგნი დასტურია იმისა, თუ როგორი მასშტაბის მოაზროვნე, ხელებდაკაპიწებული მეურნენი ჰყავს და რა დიდი მასშტაბის პოტენციალი აქვს  ქვეყანას, თუკი დაპირისპირება თანამშრომლობით შეიცვლება, თუ მხოლოდ პოლიტიკოსებს, გაუგებარი ფინანსებით სავსე არასამთავრობო ორგანიზაციებს არ მოვუსმენთ და მეტად ვეთათბირებით მეცნიერებს, მოღვაწეებს, საქმიან ადამიანებს და მხარს დავუჭერთ ძლიერთ, დავეყრდნობით მათ, თუკი ქვეყანაში რეალურად შევქმნით კონკურენტულ გარემოს.

ეს დაადასტურა წიგნის წარდგენამ ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. სწორედ ამ პრობლემებზეა საუბარი ამ წიგნში და მას გავაგრძელებთ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის კონგრესის სესიაზე, 4 აგვისტოს, 17.00 საათზე, „ქორთიართ მერიოტის“ საკონფერენციო დარბაზში(თავისუფლების მოედანი, 4).

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ჩვენ ვემიჯნებით დღეს ქვეყანაში პოლიტიკოსთა მიერ თავს მოხვეულ, გაბატონებულ დაპირისპირებას და თანამშრომლობის ჰარმონიზაციის ერთადერთ გზას ვაღიარებთ ქვეყანაში არსებულ პრობლემათა გადასაჭრელად. დაპირისპირების გარეშე შეიძლება გაცილებით გულიანი და მართალი, მომავლის საქართველოსათვის საჭირო საუბარი. ჩვენთვის მიუღებელია ის განწყობაც, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ისიც, რომ ყველაფერი ცუდადაა. ჩვენ მხოლოდ მეცნიერებას და მეცნიერულ ანალიზს ვეყრდნობით.

ამ მიზნით შეიქმნა ეს წიგნიც და ამ მიზანს ემსახურება მეცნიერთა კონგრესის სესიაც. ვითვალისწინებთ რა პარლამენტსა და პრეზიდენტს, მათ აპარატს შორის არსებულ,ქვეყნისთვის საზიანო დაძაბულობას, ჩვენ არ გვინდა კონგრესიც ამ გავლენის ქვეშ მოექცეს და ამის გამო,სესიაზე ქვეყნის პირველ პირთაგან მხოლოდ თქვენ გიწვევთ, რომლის შემდგომაც ვაპირებთ შეხვედრებს, როგორც პრეზიდენტთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრებთან.

გვწამს და გვჯერა, დაპირისპირება სუსტების გზაა, მათი გამოგონებაა, ხოლო თანამშრომლობის ჰარმონიზაციის გზას ძლიერნი ირჩევენ…ეს დავით აღმაშენებლის გზაა!

სწორედ ამ განწყობით დაფუძნდა „ქართული ერთობის დარბაზი“, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი „ეროვნული თანხმობისათვის“. სხვანაირად ეს წარმოუდგენელიც არის, ვინაიდან მის სათავეებთან იდგნენ დიდი მოღვაწეები, მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე… ანზორ ერქომაიშვილი, გიგა ბათიაშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, არნოლდ გეგეჭკორი, რომან რურუა, ომარ მხეიძე, თემურ გუგუშვილი, ასევე ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების სხვა ცნობილი და ღირსეული წარმომადგენლებიც.

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

დიდი სურვილი გვაქვს მიიღოთ ჩვენი წინადადება და გვეწვიოთ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის კონგრესზე.

საორგანიზაციო კომიტეტის დავალებით

პროფესორი                        

რამაზ ყურაშვილი;

პროფესორი                        

რამაზ ლომინაძე     

პროფესორი 

პაატა გიორგაძე