საქართველოს ყველაზე დიდი მტერი ერთი პირის უქონლობა, შუღლი და შიდაგანხეთქილება!..

ირინა კუჭაძე

მსოფლიო ქალთა ტელე–კონგრესის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

-ბევრჯერ მიფიქრია ქვეყანას, რომელსაც ვერ გაურკვევია პატრიოტიზმი და ტოლერანდობა, ეროვნულობა და ფაშიზმი, დამპყრობელი და ტურისტი, ინვესტიცია და მონობა, ღირს კი ამ ქვეყანას მომავალი უსურვო?-… უნდა ვუსურვო. ჩემამდე ოფლით და სისხლით მოტანილს გავუფრთხილდე, შევაკეთო, დავამატო და მერე შვილს გადავცე. ჩემთვის სხვა უფლება არავის მოუცია…

მაშ, ვინ არის ის თავზეხელაღებული მომაკვდავი, რომელიც წყვეტს ამ ქვეყნის ყოფნა – არყოფნას, გაყიდვა-გაჩუქებას, გაიქილოს ან ფეხით გაიქელოს, თესლი არიოს რათა უშთამომავლოდ დატოვოს, წარსული წაშალოს, მეზობლებს ხელ-ფეხი შეახოცინოს?

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს  ბედს ზემოთ ღმერთი და ქვემოთ ხალხი წყვეტს.ძალიან ხომ არ შევუთამამდით წინაპრების მიერ დატოვებულ ქონებას, ისევე როგორც მეგობრის, მეზობლის, ნათესავის ბინებს იპოთეკაში ჩადებით და მერე დაკარგვით.

ერი, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ვაჟკაცობა საკუთარ დედის გინებაშია – მარტო ფურთხის ღირსია?!

საქართველოს მუდამ ჰყავდა მტერი დაუმარცხებელიც და დამარცხებულიც, მაგრამ ყველაზე დიდი მტერი, რომელიც ვერც წარსულში და ვერც აწყმოში დაამარცხა – ერთი პირის  უქონლობა, შიდაგანხეთქილება და შიდა შუღლია. ნორმაა, როცა ჩვენი შეხედულებები, გემოვნება, აზრები, იდეები განსხვავებულია ,მაგრამ არის ისეთი რამ სადაც როგორც ერთი  ისე უნდა ვაზროვნებდეთ, როგორც ერთი ისე უნდა ვმოქმედებდეთ.

ჩვენს გერბს, ხომ ,, ძალა ერთობაშია“ აწერია.

და კიდევ,  იმათ, ვისაც გამეტებით ვლანძღავთ- ჩვენი ნაწილია, ავადმყოფი ნაწილი, რომელსაც მკურნალობა დანით კი არა,  სიყვარულით უნდა.