ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლების არცევისა და იკორთას მოსახლეობა დე ფაქტო პრემიერს შეხვდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლების არცევისა და იკორთას მოსახლეობა პრობლემებზე სასაუბროდ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს და დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელს მურატ ჯიოევს შეხვდა.

ოკუპირებულ იკორთაში ადგილობრივებს არ აქვთ სკოლა, ბაღი და არც ექიმი ჰყავთ. მათი თქმით, ადგილზე მედპუნქტიც არ მოქმედებს. ასევე არ არის გზა, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.

ამასთან, მათივე თქმით, სოფელში არ არის სასმელი წყალი. ადგილობრივებს წყალი მეზობელი სოფლებიდან დააქვთ.

მთავარი პრობლემა კი, ოკუპირებული არცევისა და იკორთის მოსახლეობისთვის გადაადგილების უფლების არქონაა, რადგან იკორთის მოსახლეობის უმეტესობას ე.წ. ოსური პასპორტი არ აქვს.

მათი განმარტებით, 2012 წლამდე სოფლის დატოვების უფლება საქართველოს მოქალაქის პასპორტით,  ე.წ. პროპუსკით ეძლეოდა. 2012 წლის შემდეგ კი ადგილობრივებს არც ოკუპირებული რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე და არც საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის უფლებას აღარ აძლევენ.

დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ოკუპირებული არცევისა და იკორთის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს დე ფაქტო ლიდერს მოახსენებს, რათა მათი გადაჭრის გზები გამოინახოს.