“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ხალხზე ვიზრუნოთ”

„ეს არის განგრძობადი ოკუპაცია, ეს არის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან. ამის განხილვა შესაძლებელია იმ ჭრილში, რომ გარკვეულ საპასუხო პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი“, – ასე შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტი.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, რუსეთის ეს ქმედება აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. მინისტრი აცხადებს, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ხორციელდება.

ციხელაშვილი 3 აგვისტოდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საუკუპაციო ხაზთან დაანონსებულ ხანძარსაწინააღმდეგო ხაზების აღდგენის გეგმასაც გამოეხმაურა, რომელიც მინდვრებში ხნულების სახით კეთდება.

მინისტრის განცხადებით, ეს არის პროვოკაციის მცდელობა, რომლის მიზანია შეარყიოს აღებული კურსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას აქვს.

“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ხალხზე ვიზრუნოთ. განსაკუთრებული წნეხის ქვეშ არის ეთნიკურად ქართველი მოსახელობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. წლების განმავლობაში ყალიბდება ძალიან ღია, მძიმე დისკრიმინაციული რეჟიმი, რომელიც ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენი ძალისხმევა არ მოდუნდება, ვიდრე ჩვენ არ მივაღწევთ იმას, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს.“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.