უნებლიედ ნუ ითამაშებთ ოკუპანტის თამაშს! ყველა საპროტესტო აქცია უნდა უკავშირდებოდეს 7 აგვისტოს!

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

-მინდა მივმართო ყველა პატრიოტს, ვისთვისაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი მოუშუშებელი იარაა:
რუსეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ უზარმაზარი რესურსები დახარჯა, რათა საქართველო გამოეყვანა აგრესორად და გაემართლებინა თავისი აშკარად დანაშაულებრივი, აგრესიული, იმპერიალისტური ქმედება, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა. ამ საინფორმაციო ომში რუსეთი უდიდეს მნიშვნელობას აქცევს სიმბოლოებს და თარიღებს, რომელთა ირგვლივ ქმნის ფეიკებს და იდეოლოგიურ კლიშეებს, რაც ძალიან ეფექტურად მოქმედებს საზოგადოების ცნობიერებაზე, მათშორის საქართველოშიც.

პუტინისთვის ერთ,-ერთი ასეთი სიმბოლური თარიღია 8 აგვისტო, რომელიც რუსეთს გამოცხადებული აქვს საქართველოს მხრიდან აგრესიის დაწყების თარიღად. ნუ დაგავიწყდებათ პუტინის მთავარი პროპაგანდისტული ფრაზა, რომელიც ასევე ამ თარიღზე აქვს დამყარებული: Грузия начала бомбить спящий Цхинвал. ამ იდეოლოგიურ და პროპაგანდისტულ ომში პუტინის მხარეს დღეს თამაშობს როგორც საქართველოს დღევანდელი კოლაბორაციონისტული მთავრობა, ასევე კრემლის ყველა გავლენის აგენტი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, არა და მთელმა მსოფლიომ კარგად იცის, რომ გარდა რუსულ-ოსური პროვოკაციებისა, რომლებიც ჯერ კიდევ აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ძალიან ინტენსიური გახდა, თავად რუსული სამხედრო ძალების მასირებული შემოჭრა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, ღია სამხედრო აგრესია ჯერ კიდევ 7 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყო. ანუ, ჩვენთვის და მთელი ცივილიზებული თანამეგობრობისთვის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღი 7 აგვისტოა, რისი დეკლარირება და დამკვიდრება მთლიანად ანგრევს პუტინის პროპაგანდისტულ კონცეფციას, რომლის ქვაკუთხედად შერჩეული აქვთ 8 აგვისტო.

პუტინმა პროპაგანდისტული მხატვრული ფილმიც კი გადაიღო და სათაურად მიზანმიმართულად 08.08.08 დაარქვა. ალბათ ეჭვი არავის გეპარებათ, რომ კრემლი შემთხვევით არაფერს აკეთებს პროპაგანდისტულ ფრონტზე?! ამიტომ, 8 აგვისტოს დამკვიდრება, როგორც ომის დაწყების თარიღი, კრემლის პროპაგანდისტული კონცეფციის მთავარი ქვაკუთხედია. შესაბამისად, ყველა ჭეშმარიტმა პატრიოტთა კარგად უნდა გავიაზროთ, ჩვენი ქმედებების შინაარსი, როდესაც ამ ომთან დაკავშირებულ აქტივობებს დავგეგმავთ. უნებლიედ ნუ ითამაშებთ ოკუპანტის თამაშს და ნუ შეუწყოთ ხელს ოკუპანტს იდეოლოგიურ ბრძოლაში. ომის დაწყების თარიღია 7 აგვისტო და არა კრემლის მიერ ქართული აგრესიის სიმბოლოდ გამოცხადებული 8 აგვისტო.

P.S. ყველა საპროტესტო აქცია, რომელსაც დავგეგმავთ ჭეშმარიტი პატრიოტები, უნდა უკავშირდებოდეს 7 აგვისტოს. არავითარ შემთხვევაში არ დაუკავშიროთ თქვენი მოქმედებები 8 აგვისტოს რუსულ სიმბოლოს. ეს პუტინისა და მისი გავლენის აგენტების თამაშია.
არა 8 აგვისტოს! საქართველოსთვის 2008 წლის ომი დაიწყო 7 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილების ჩვენს სუვერენულ ტერიტორიაზე მასირებული შემოჭრით.
არა ოკუპანტს!
არა ოკუპაციას!