“პუტინის სოხუმში ჩასვლა ნიშნავს, რომ ჩრდილოელ მეზობელს შურისძიების წყურვილი არ უნელდება!”

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი.

-8 აგვისტოს პუტინის სოხუმში ვიზიტის მოახლოებამ და ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში მკვეთრად მომატებულმა ტემპერატურამ საქართველოში სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების თემა გაააქტიურა. კიდევ უფრო გართულდა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

თუ გსურს გააცინო ღმერთები, მოუყევი მათ საკუთარი გეგმების შესახებ – ძველი ბერძნული ანდაზა..

მრავალი წელია რაციონალურ და დროში გათვლილ სტრატეგიაზე ვსაუბრობ, რომლის მთავარი ქვაკუთხედი უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივი ინტერესების ირგვლივ ქართული პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია. საჭირო იყო მოქმედებების გაშლა ყველა მიმართულებით და ყოველ მათგანში ქვეყნისთვის სასარგებლოდ თავდაუზოგავი შრომა. მოკლედ, ღმერთები მართლაც მაგრად ვაცინე..

ამის მაგიერ გაგრძელდა ტოტალური უძრაობა, “ლებედ შუკა და რაკ” და შედეგად მივიღეთ პრაგმატიზმისგან სრულიად დაცლილი, ნიჰილიზმით დაავადებული, უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება მისი მანკიერი ემოციურ-აპოკალიპტური შტრიხებით.
პუტინის სოხუმში ჩასვლა ნიშნავს, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს შურისძიების წყურვილი არ უნელდება. დაივიწყეთ რუსეთის საზღვრებთან ნატოს მოახლოებასთან დაკავშირებული საშიშროების კრემლისტური პროპაგანდა – კრემლი საფრთხეს მხოლოდ იმაში ხედავს, რომ მას ეზღუდება არეალი საკუთარი ტერიტორიების გასაფართოებლად.

საქართველოს ხელისუფლების (და ამაში მთელი საპარლამენტო ოპოზიციური სპექტრიც “ეხმარებოდა”) სრულიად უფანტაზიო, კოორდინირებას მოკლებული და მოუქნელი პოლიტიკის წყალობით ტრამპის პრინციპული პოლიტიკის სახით ხელჩასაჭიდი ხავსიღა შემოგვრჩა, ხოლო გლობალურ გეოპოლიტიკურ სივრცეში ქვეყანა ინტერესთა პოლიგონად იქცა.

ახლა საკუთარ ისტორიას თავად აღარ ვწერთ, ისტორიას დიდი მოთამაშეები გვიწერენ..
საკითხავი აღარ არის დაგვარტყამს თუ არა რუსეთი, საკითხავია – როდის.
თუ მუშტით არა, მცოცავი ღობეებით..

თუ თავად არა, რეგიონებში სეპარატიზმის კერების გაღვივებით ან მეზობლებთან თუნდაც სადემარკაციო საკითხებზე ინტრიგანობით..

თუ ღიად არა, მეხუთე კოლონის მეშვეობით.
გართულებების ალბათობა ძალიან დიდია.
პუტინის სოხუმში ვიზიტი და ამასთან დაკავშირებით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბოლოოდ დაკარგვის საფრთხე საქართველოს კისერზე ბასრი ნაჯახივითაა დაკიდებული..
ეს საგანგაშოა. საფრთხე რეალურია და უპირობოდ უნდა ავიცილოთ.

როგორ?

ალბათ ისე, როგორც ჭაობში ჩარჩენილი ურემი ამოჰყავს კაცის გონებას და ხარის ძალას.