„პირადად უგულავა ხელმძღვანელობდა ჩემი პერსონის მარგინალიზაციას“

ირაკლი შიხიაშვილმა გიგი უგულავას საჯაროდ უპასუხა და განაცხადა:

-გიგი უგულავამ გააკეთა განცხადება, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი ყველა პროექტი იყო ბლეფი და ტყუილი. მინდა საჯაროდ მივმართო უგულავას და გავაგებინო საზოგადოებას, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ჩემი პერსონის მარგინალიზაცია, რადგან სწორედ ჩემი და ჩემი მეგობრების ძალისხმევით თბილისში დასრულდა ნაციონალური მოძრაობა. ამის მონელება ძალიან გაუჭურდათ და სულ გაიძახოდნენ, რომ შიხიაშვილი პორტირებულია.

მე დავტოვე ნაციონალური მოძრაობა 2011 წლის 11 ნოემბერს ჩემი ოჯახის საფრთხის ფასად, აი უგულავამ კი ნაციონალური მოძრაობა დატოვა სულ ახლახანს და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, გახდა პორტირებული, მაგრამ ეს ადამიანი და სხვებიც, დღეს რომ „ევროპული საქართველო“ დაირქვეს, 2011 წელს მზად იყვნენ პრაქტიკულად გაენადგურებინათ ჩემი ოჯახი და მეგობრები. პირადად უგულავა ხელმძღვანელობდა ამას, მაგრამ შემდეგ იფიქრეს-შიხიაშვილისგან არ გავაკეთოთ გმირი, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ 2012 წლის არჩევნების გამარჯვებაში და იფიქრეს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ მოიცლიდნენ ჩემთვის, მაგრამ მათი გეგმები არ განხორციელდა, რადგან არჩევნები სხვა შედეგით დასრულდა.

შემდეგ თბილისის საკრებულოში ჩვენ შევცვალეთ უსამართლო გარემო, რომელიც მანამდე არსებობდა. საკრებულოს დავუბრუნეთ მმართველობა და საკრებულოს წევრებს მოქმედების უნარი.

ასე რომ განსხვავება საკმაოდ დიდია, უგულავას არანაირი საფრთხე არ ელოდებოდა თუ დატოვებდა ნაციონალურ მოძრაობას, მე კი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დიდი წნეხი გამოვიარე“-განაცხადა შიხიაშვილმა.