საარჩევნო ბარიერის დაწევა-“ერთჯერადი დათმობა” თუ “პოლიტიკური თაღლითობა”…

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია გეგმავს დაწესებული 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად გააუქმოს. ეს კი, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე დაახლოებით 1%-იან მხარდაჭერას მიიღებენ, პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას აძლევს.

ამ საკითხს ეხმიანება უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი და ამბობს, რომ „მმართველი გუნდი აცხადებს მზაობას, შეხვდეს ოპოზიციას“.

„მმართველი გუნდი აცხადებს მზაობას, შეხვდეს ოპოზიციას და საქმიანი განხილვა მოაწყოს ყველა წინადადების, რომელიც აქვს და არა იმ განცხადებების, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაკორექტული პოლიტიკური შეფასებებით არის გაზავებული. საქმიანი შეხვედრა საჭიროა, მათ შორის, ბარიერის თემაზე კიდევ თუ დაისვა საკითხი. იმიტომ, რომ სამ პროცენტამდე უკვე შემცირდა, ჩვენ მზად ვართ, უმრავლესობის ფორმატში ეს საკითხიც განვიხილოთ. წინასწარი გადაწყვეტილებები, რასაკვირველია, ამ თემასთან დაკავშირებით არ არსებობს“ – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

უბარიერო სისტემის შემოღებასეწინააღმდეგება არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი და პროცესს პოლიტიკურ თაღლითობად აფასებს.

“საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ვარაუდობს, რომ ამ იდეის განხილვა და გატარება მმართველ პარტიას გუნდის შიგნითაც გაუჭირდება.

„უბარიერო სისტემას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ გვექნება მაჟორიტარული სისტემა. ეს ისევ და ისევ არის ადამიანების მოტყუება, იმიტომ, რომ ამ სისტემაში “ქართულ ოცნებას” ისევ რჩება შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს სრული უმრავლესობა, რასაც ეწინააღმდეგება მთელი პოლიტიკური სპექტრი,“ – აცხადებს თამარ კორძაია.

“საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკურ თაღლითობას უწოდებს.

„ეს სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური თაღლითობის და პატარა ვაჭრუკანობით მეთოდით ოპოზიციის მოსყიდვა… იმედს გამოვთქვამ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი და პრინციპული პარტიები ასეთ ანკესზე არ წამოეგებიან,“ – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

“თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ ბარიერის ერთ პროცენტამდე დაწევით სატელიტი პარტიების შეყვანას გეგმავს.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი კი, უბარიერო სისტემას „დემოკრატიის დამკრძალავ კომისიას“ ადარებს და მის განხორციელებას ეწინააღმდეგება.