“თუ ასე გაგრძელდა, გარდაბანი მეორე აფხაზეთი და სამაჩაბლო გახდება!”

დღეს სააგენტოში გარდაბნის რაიონის მაცხოვრებლებმა წერილი გამოგზავნეს და ტელეფონზეც დარეკეს. რამდენიმე დღის წინ რაიონში აქცია გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ არც მთავრობის ყურამდე მისულა და არც მედიის ყურადღების ღირსები გავხდიო-საკმაოდ განაწყენებული ტონით გვითხრა მოქალაქემ.

მათ უკვე ჩატარებული აქციის ვიდეოებიც მოგვაწოდეს და ითხოვეს საზოგადოების ფართო ფენებისთვის გაგვეცნო და მთავრობის წევრებისთვის მიგვეწოდებინა.

https://www.facebook.com/tvkvemokartli/videos/755436081310418/?hc_ref=ARR6CbaMU4v-1R9O5C1jZ44uKCSzFmeiI_pusWys6stg-bIhl5LXRPE31dN9eOO_fZ4&pnref=story

მათი თქმით 22 აგვისტოს გარდაბანში, გამგებლის, გოჩა ჯამარაულის მიერ გაკეთებულ 9 აპრილის მემორიალთან უფრო ხალხმრავალი აქცია გაიმართება და ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ახლა მაინც დაინტერესდებიან ჟურნალისტები და იმ დიდ პრობლემას, რომელმაც რაიონში იჩინა თავი ფართო საზოგადოება გაიგებს.

-22 აგვისტოს აქციაზე გაისმება ხალხის ხმა, არა წინასწარ დაწერილი, არამედ გულიდან ამოსული. პრობლემა საკმაოდ დიდია. თუ ასე გაგრძელდა გარდაბანი მეორე აფხაზეთი და სამაჩაბლო გახდება! რუსთავს მტკვარზე რომ გაგვიყოფენ, მერე დაინახავთ ყველა, რომ განგაშის ზარები მართლა ჩამოსაკვრელი იყო. ხმებისთვის იყიდება ქვეყანა და მიწა-წყალი!-გაბრაზებული ტონი აშკარად აღელვებულით შეიცვალა.

-იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრათ-რა ხდება?

-ამისთვის ცოტა ადრინდელი წლებიდან უნდა დავიწყოთ საუბარი. მე გარდაბნის მოსახლეობის სახელით გესაუბრებით, სხვებიც აქ არიან და თუ საჭირო გახდება, ისინიც დაგელაპარაკებიან. არც სახელს ვმალავთ და არც გვარს, მთავარია ჩვენ ვართ ხალხი და ალბათ დროა ხალხის ხმა გაიგოს ყველამ. გოჩა ჯამარაული რომ გამგებლად დაინიშნა, არავის ეგონა, რომ ეს სპორტსმენი ადამიანი საქმეს ასე გაუძღვებოდა, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მოსვლის შემდეგ რაიონის ცხოვრება გაუმჯობესდა, მოეწყო ინფრასტრუქტურა, ადამიანს ხელფასი არ აუღია და ქველმოქმედებას მოახმარა. ამას წინათ სოფელ გამარჯვებაში შშმ პირს ეტლი თავისი ფულით უყიდა, მეორე ოჯახის ბავშვებს ტელევიზორი აჩუქა და ასე რამდენი, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ერთი სიტყვით რომ გითხრათ გარდაბნიდან წასვლაზე აღარავინ ფიქრობს, გაზიც გვაქვს, შუქიც, სკვერებიც მოეწყო, საბავშვო ბაღებიც, სიცოცხლე ჩქებს. მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა არასდროს… ხალხი გამოდის და ითხოვს გამგებელი არ წავიდესო… წავიდეს კი არა, არ წავიდესო… იმიტომ რომ მსგავსი გამგებელი არ ღირსებია გარდაბანს მარტო კი არა ალბათ არცერთ რაიონს…

-თქვენ ახლა გამგებლის პიარს ეწევით, იქნებ აქციაზე და კონკრეტულ პრობლემაზე ვისაუბროთ.

-ხოდა სწორედ ეგაა, ვიღაცას არ მოსწონს მომუშავე ადამიანი, არ მოსწონს, რომ მოსპო რაიონში კორუფცია, ტენდერები სუფთად იართება და მავანნი ხელს ვეღარ ითბობენ, ჯიბეს ვერ ისქელებენ და ახლა მის შეცვლას აპირებენ.

-და ვინ აპირებს მის შეცვლას? რამდენადაც ვიცი,  ადგილობრივი არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენა ჯერ არ მომხდარა, არც არჩევნებია ოფიციალურად გამოცხადებული და  ისე ხომ არ გამოდის, ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევენო?

-ოფიციალურად არა, მაგრამ მაჟორიტარმა დეპუტატმა შტაბში რამაზ ბუდაშვილი მიიყვანა და გამგებლობის კანდიდატად წარადგინა. ეს ის პიროვნებაა, რომელმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა მირზოევის გამარჯვებაში, რადგან საოლქოს თავმჯდომარე იყო. ახლა მისი პიროვნება აწყობს იმ ათკაციან ჯგუფს, რომლებიც რაიონში პირველობას ცდილობენ.

საუბარს მეორე მოქალაქე აგრძელებს.

-გარდაბანში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები წლებია მეგობრულად და მეზობლურად ვცხოვრობთ, მაგრამ მირზოევის მოსვლის შემდეგ აშკარა გახდა ეთნიკურ ნიადაგზა სიტუაციის გამწვავება. შემოსასვლელში სვანური კოშკი დაანგრიეს, მერე შინმოუსვლელთა მემორიალზე ქართული წარწერა მოხსნეს, ჩვენი ტერიტორიააო, ამას წინათ კულტურის სახლის აზერმა თანამშრომელმა სიმღერა ჩართი საკმაოდ ხმამაღლა, რომ მიუთითეს, ჩაუწიე, ამ ბაიათებს რას გვასმენინებო, ჩემს მიწა-წყალზე ვარ და რასაც მინდა იმას ვიზამო. აშკარა ხდება, რომ საკმაოდ დიდი ნაღმია ჩადებული და თუ დროზე არ მოხდა მისი განაღმვა, გარდაბანი მეორე აფხაზეთი და სამაჩაბლო გახდება!

https://www.facebook.com/inforustavi/videos/861234637359816/?hc_ref=ARQqSTDfTGYVuS1kwEox-Hll38R0aY5SupUPxHTVm4l721XDFd3DfvhsTqNYr-8E_Vo&pnref=story

საუბარს კიდევ სხვა მოსახლე აგრძელებს.

– ებრძვიან, კაცი ქართულ საქმეს აკეთებს და დაბლოკეს ყველგან. არა აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, მთავარია საქმოსანია ჩვენი გამგებელი და მის ჩანაცვლებას მხარს არ დავუჭერთ, ახლა იმდენი ახალი პროექტი აქვს წამოწყებული იმდენი ახალი რამე შენდება და ეს ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება.

-რატომ ფიქრობთ, რომ ვინმეს შცვლას აპირებენ? ცოტა ძნელი დასაჯერებელია ჯამარაული „ქართული ოცნების“ წარდგენილია და რატომ დაბლოკავს მას მთავრობა?

-აწორედაც, ჯამარაული თავად კვირიკაშვილმა და კალაძემ წარადგინეს წინა არჩევნებზე, მაგრამ ახლა აშკარად ვხედავთ, რომ მისდამი ყურადღებაც მოდუნებულია და ბლოკიც საკმაოდ ადევს. ჩვენ ჩვენს უფლებებს და მიწა-წყალს ვიცავთ. წინა აქციაზე ხალხი გულიდან ამოსულ სიტყვებს ლაპარაკობდა, სპონტანური შეკრება იყო და საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა, ხვალ კი, 22 აგვისტოს უკვე დაანონსებული აქციაა და ვისაც აინტერესებს რა ხდება, იქ უნდა მოისმინოს ხალხის ხმა-ნამდვილი, წრფელი და არა წინასწარ დაწერილ-დაშტამპული. გვინდა გთხოვოთ, გვერდით დაგვიდექით და მოგვეხმარეთ ამ ინფორმაციის გაშუქებაში, დამიჯერეთ დენთის კასრზე ვზივართ.

ჩვენ შევპირდით, რომ საზოგადოებას აქციის შესახებ ვაცნობდით და დანაპირებს ვასრულებთ.

22 აგვისტოს, 17:00 საათზე, გარდაბანში, 9 აპრილის მემორიალთან

გაიმართება აქცია – არ გახდეს გარდაბანი მეორე აფხაზეთი და სამაჩაბლო.

ადგილობრივები მთავრობას მიმართავენ და რაიონში არსებულ პრობლემებს გააჟღერებენ.