„ბოდიშის ნაცვლად ისევ ტყუილი და ცილისწამება!“-ღვალაძე ჯანყარაშვილის და ქადაგიშვილის წინასწარ პატიმრობას ითხოვს

10 შვილის მამა, ვეტერანი ვეფხია ღვალაძე მთავარ პროკურატურსთან უკვე მესამე დღეა შიმშილობს და როგორც თავად ამბობს, პროტესტის უკიდურეს ფორმას უვადოდ გააგრძელებს.

მან დღეს მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება შეიტანა და ჯანყარაშვილის და ქადაგიშვილის უვადო პატიმრობა მოითხოვა.

ვეფხია ღვალაძე სააგენტოს დაუკავშირდა და იოსებ ქადაგიშვილისა და ზვიად ჯანყარაშვილის კომენტარებზე პასუხის გაცემა ითხოვა.

-„მითხრეს, ამბობენ, რომ მე მხედრიონელი ვიყავი. ეს სიცრუეა-მე „ავაზელი“ ვიყავი, მეორეც ის, რომ ამბობენ, თითქოს მე არაპროგნოზირებადი ადამიანი ვარ, რის გამოც ხშირად ვიცვლი საცხოვრებელს, ესეც ტყუილია. ვცხოვობდი ჭიათურაში, მერე 3 თვე თბილისში, მაგრამ ქირა რომ ვერ გადავიხადე და ძალიან გამჭირდა, მეუფე თადეოზმა ბოლნისში გადამიყვანა, ვიყავი მედავითნე, კაბოსანი მორჩილი და მგალობელი, მღვდლად კურთხევისთვის მამზადებდა მეუფე.

მე ქართული საქმის მეტი არასდროს არაფერი მიკეთებია. ბევრმა არ იცის, რომ 26 მაისს, დარბევის დროს ქაშუეთის ეკლესიაში მყოფ ადამიანებს მე დავეხმარე, როცა დამირეკეს და მითხრეს რა ხდებოდა, მორჩილის კაბით შევედი და იქ მყოფი ადამიანები გალობით ვატარე ეკლესიის გარშემო მანამ, სანამ მეუფე იაკობი არ მოვიდა და ეს ხალხი მშვიდობით არ შეიყვანა ეკლესიაში. ამის მერე ძალიან მალე პირობითი მომცეს, ბრძანება იყო 26 მაისის მონაწილე ყველა დაესაჯათ. ღიად ვებრძოდი სააკაშვილს და ბევრი პრობლემაც შემხვდა.

ჯანყარაშვილს და ქადაგიშვილს უნდათ მატყუარა და შანტაჟიორი გამომიყვანონ, დღეს განცხადებით მივმართე მთავარ პროკურორს, კიდევ ერთხელ დავწერე სრული სიმართლე და მათ წინასწარი პატიმრობა მოვითხოვე.

-როდემდე აპირებთ შიმშლობას?

-შიმშლობა უვადოდ გამოვაცხადე.

-ისევ ოჯახთან ერთად შიმშილობთ?

-არა, ბავშვები გავუშვი, ვინმემ არ სთქვას, შვილებით მანიპულირებსო. მეუღლე არ მტოვებს და ჩემთანაა. დღეს ძალიან მჭირდება ადამიანების მხარდაჭერა და სოლიდარობა. დიდი იმედი მაქვს იმ 100 ადამიანიდან, ქაშუეთის უკან რომ იყვნენ 26 მაისს ვინმე მაინც მოვა და უბრალოდ გვერდით დამიდგება. ძალიან აღელვებული ვარ. მეგონა კაცურად ბოდიშს მოიხდიდნენ, იმათ კი ისევ ცილისწამება და ტყუილები აფრქვიეს. არადა ადრე მეხვეწებოდნენ შევრიგდეთო-სასულიერო პირიც კი ჩართეს ამ მოლაპარაკებაში.

-და რატომ არ მორიგდით?

-მე შევუთვალე შევრიგდეთ, ოღონდ მას მერე, რაც თანამდებობებს დატოვებთთქო და უარი მითხრეს. სიმართლის დადგენა მინდა, ბავშვები მეზრდებიან და არ მინდა აქედანვე დაკარგონ რწმენა. იმედი მაქვს საზოგადოებაც გვერდით დამიდგება. აი, ეს მინდოდა მეთქვა-ტყუილების მორიგი მანქანა ჩართეს, მე ჩემი სათქმელი საზოგადოებისთვის უნდა გამეგებინებინა.

მოშიმშლესთან დღეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თავს ცუდად გრძნობდა.