დეპუტატი თავისუფალია, ხოლო მის მეგობარს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

დავით ცხვარაძე

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ლაშა გვენეტაძე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მისი საქმე ე.წ. უდოს, ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ განიხილა და იგი ვადაზე ადრე პირობით, გათავისუფლდა.

ლაშა გვენეტაძის, მისი ძმისა და მეგობრის წინააღმდეგ საქმე სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტითა მიმდინარეობდა, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად იმ პირის ცემა ედებოდათ, რომელმაც, მათი ინფორმაციით, დეპუტატის მამის საფლავი გაძარცვა.

შეგახსენებთ: საპროცესო შეთანხმების შედეგად, ლაშას ძმა შოთა გვენეტაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მათ მეგობარს შიო ჯანელიძეს კი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ლაშა გვენეტაძე ქუთაისის საკრებულოში ფრაქციას “ქართული ოცნება-მრეწველებს“ და საკრებულოს მიწის მართვის კომისიას ხელმძღვანელობდა.