ენერგეტიკის მინისტრი ვერ იძლევა კონკრეტულ პასუხს-გადაწყვეტილებას მარეგულირებელი კომისია მიიღებს

ენერგეტიკის მინისტრი ვერ იძლევა კონკრეტულ პასუხს კითხვაზე – გაეზრდებათ თუ არა “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგიის გადასახადი 2018 წლიდან. ილია ელოშვილი “იმედთან” საუბრისას აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას მარეგულირებელი კომისია სატარიფო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით მიიღებს.

მისი თქმით, როცა ხდება ტარიფის გადათვლა, ეს თავის მხრივ გულისხმობს ცვლილებებსაც, თუმცა როგორი იქნება ცვლილება ეს კომისიის კომპტენციაა.

“ჩვენ არ გვაქვს ისეთივე მემორანდუმი “ენერგო-პრო ჯორჯიასთან”, როგორიც ეს არსებობს   “თელასთან”. სახელმწიფოს ხელშეკრულება აქვს იტერრაოსთან და სწორედ ამაზე მიმდინარეობს ახლა დავა საერთაშორისო სასამართლოში”, – აცხადებს ელოშვილი.

“ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სემეკს ყოველწლიური სატარიფო განაცხადით მიმართა. ახალი სამომხმარებლო ტარიფის დასადგენად კომისიას 150 დღე აქვს. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი სემეკში 7 სექტემბრის სხდომაზე განიხილება.

მსგავსი განაცხადით 16 აგვისტოს სემეკს “თელასმაც” მიმართა. ის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ითხოვს. ეს განაცხადი კომისიამ წარმოებაში 2 დღეში მიიღო.

ცნობისთვის, ზუსტად ერთი თვის წინ “ენერგო პრო ჯორჯიამ“  21,7 მილიონ ლარად აუქციონზე “კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ შეიძინა.

წყარო: imedinews.ge