საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის ან მერობის კანდიდატის მხარდამჭერი სიის გადამოწმება სრულდება

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის ან მერობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიის გადამოწმების პროცესი დღეს სრულდება. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის თანახმად, არჩევნებამდე 47-ე დღეს, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის ან მერობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიას შესაბამისი საარჩევნო კომისია საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს.

შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მხარდამჭერთა სიების შემოწმების დასრულებიდან 2 დღის ვადაში, საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს ან მერობის კანდიდატს, თუ მაჟორიტარი კანდიდატის ან მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსითა და ცესკო-ს დადგენილებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, წერილობით აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსითა და ცესკოს დადგენილებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის ან მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა.