თბილისის მერია: მილიონი ხიდან ამ დროისთვის 700 000-მდე ძირია დარგული

თბილისის მერიის ინფორმაციით, მილიონი ხიდან ამ დროისთვის 700 000-მდე ძირია დარგული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

“თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა ზეთისხილის ბაღები, დიდ დიღომში გაშენდა ნუშის ბაღები. თბილისსა და მის შემოგარენში დაირგო სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები. აქციის ”დავუბრუნოთ ჭადრები თბილისს” ფარგლებში, დაირგო 200 ძირი ჭადარი, შემოდგომაზე დაირგვება კიდევ 1200 ძირი ჭადარი”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

რაც შეეხება დარგული ხეების გახარებასთან დაკავშირებულ მონაცემებს, მერიის ინფორმაციით, გახარების მაჩვენებელი სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვაა. მაგალითად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღებმა 100%-ით გაიხარა, ხოლო ამ საერთო რაოდენობის გახარების მაჩვენებელი 70%-დან 80%-მდეა.

თბილისში მილიონი ხის დარგვა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირება იყო.