“ვერ მოვიტყუებ თავს და ვერ გავხდები უნამუსო ლაქია…საპატრიარქოში ფეშენებელური განცხრომაა…”

გიორგი ტიგინაშვილი

ივრისპირელი

საპატრიარქოში, რომ შეხვიდე – ერმიტაჟი, ლუვრი, უფიცი ან ორსეს მუზეუმი გეგონება, იმხელა კომფორტი, ფუფუნება და ფეშენებელური განცხრომაა ირგვლივ. უპოვარების, ქალწულებისა და მორჩილების აღთქმადადებული სასულიერო პირნი კი (თანაც არც ისე ცოტანი) ურცხვად ნებივრობენ აღნიშნულ გარემოში და იქ მსხდომთ “ცოცხალ წმინდანებად, ან ჭეშმარიტ და ნამდვილ ბერებად” გვასაღებენ.

ჩვენ კი ვიჯერებთ ამ სიბრიყვეს, თავს ვიტყუებთ ჩვენივე უპასუხისმგებლობის გამო და თიხისფეხებიან კერპებსა თუ სადუკეველ ავტორიტეტებს ეკლესიის ცნებასთან უტიფრად ვაიგივებთ და ვერ გაგვივლია ზღვარი ღვთივდადგენილ ორგანიზმს, ანუ უცდომელ ეკლესიას, როგორც მაცხოვრის მისტიკურ სხეულსა და ადმინისტრაციას, ანუ მენეჯმენტს შორის.

არადა მოცემულობა მარტივია: ისე როგორც სხვადასხვაა მედიცინა და “არამიანცი”, აგრეთვე სხვადასხვაა ეკლესია და საპატრიარქო! ტრაგედია ის არის, რომ იდეოლოგიზირებულმა და პროფანირებულმა “რწმენამ”, ანუ ფანატიზმმა, ადამიანები სისტემასთან დაახლოვა და არა ჯვარცმულ და დევნილ იესო ქრისტესთან!

ღვთის შეწევნით, ვიყავი, ვარ და დავრჩები ამ ეკლესიის შვილად, მაგრამ ვერასოდეს მოვიტყუებ თავს და ვერ გავხდები უსინდისო კონფორმისტი და უნამუსო ლაქია იმ რეჟიმისა, რომელიც დღეს ანდრია მოციქულის საყდარს მკრეხელურად აჩიავებს სულიერების გზაზე.