გენდერულ კვოტებზე ინიციატივა მოწონებულია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივა მოიწონა.

30 000 ამომრჩევლის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, პარტიულ სიაში ყველა მეორე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ქალებს მიეცეთ შანსი უკეთესად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, კვოტირების საკითხს გენდერულ საბჭოს წევრთა სრული უმრავლესობის და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა აქვს.

„ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ გვქონდეს გარკვეული გარღვევა და დავდოთ გარანტია, რომ ქალები პოლიტიკაში არიან და მათი პოლიტიკაში ყოფნა კაცების კეთილ ნებაზე დამოკიდებული არ არის”, -განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის ვებგვერდი ავრცელებს.