თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა

ინფორმაციას თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ჩვენს ზოლებიან ბინადრებს ოჯახში მატება აქვთ – ბიჭი გაუჩნდათ.

დედას უფრო ჰგავს, თუ მამას? ორივეს თანაბრად. დედა უფრო უყვარს, თუ მამა? ალბათ უფრო დედა – გვერდიდან არ შორდება და სულ მის უკან დაჩინდრიკობს. მოშივდება? მიუცუცქდება, მოწოვს ძუძუს და დანაყრებული იქვე, ფეხებში უწვება დასასვენებლად. დედაც ყურადღებას არ აკლებს. მკაცრად ადევნებს თვალყურს ოჯახის წევრებსა და მეზობელ კამერუნის თხებს და ვაი იმის ბრალი, ვინც შემთხვევით ხმის აწევას გაუბედავს პატარას.

თბილისის ზოოპარკში ამჟამად უკვე 7 ბურჩელის ზებრა გვყავს. აფრიკაში მობინადრე ზებრებს შორის ბურჩელის ზებრა ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. ცხოვრობენ დიდ ჯგუფებად, რომლებშიც მდედრების ჰარემი წამყვან მამრს ემორჩილება. ბურჩელის ზებრა ბუნებაში 9, ხოლო ტყვეობაში 40 წლამდე ცოცხლობს”.