კახა ძაგანია საბავშვო ლიტერატურის კონტროლს მოითხოვს (ვიდეო)

  კახა ძაგანია საბავშო ლიტერატურაში ინცესტის ნიშნების არსებობას აპროტესტებს

„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანიამ დღეს პარტიის  ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საბავშო მხატვრულ ლიტერატურაში ინცესტის ნიშნების არსებობა გააპროტესტა და ასაკობრივი ცენზურის დაწესება მოითხოვა. საქმე ეხება საბავშვო ზღაპარს “ვირისტყავა”, რომლის ქართულ ვერსიაში  მამას (მეფეს)  თავისი ასულის ცოლად შერთვა სურს.

„წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდია, ნამდვილად არ არის დრო იმისი, რომ რომელიმე განზოგადოებულ თემას შევეხოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ხელთ ჩამივარდა ისეთი საბავშო ლიტერატურა, რომ ვალდებულად ჩავთვალე თავი, საზოგადოებისთვის მომეთხრო ამის თაობაზე.

საქართველოს ბუკინისტურ მაღაზიებში ადვილად ხელმისაწვდომია ბროშურა, რომელიც ძალიან ლამაზად არის გაფორმებული ილუსტრაციებით, ხარისხიანი პოლიგრაფიული ნამუშევარია, ასევე ძალიან იაფია და ამიტომ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის, მითუმეტეს ბავშვებისათვის – მისი ფასია 1 ლარი. ამ წიგნში მოთხრობილი არის ზღაპარი, რომელიც შეიცავს ისეთ ინცესტის ნიშნებს, რაც ძალიან საკვირველი და სამწუხარო იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის. ამ ზღაპარში ასევე არ არის ის შემეცნებითი დატვირთვა, რომელიც ყველა ზღაპარს უნდა გააჩნდეს, არამედ პირიქით, ვფიქრობთ, რომ ამ ზღაპარში მოცმეული შინაარსი ბავშვების სულიერი და აზრობრივი დეგრადაციის მანიშნებელია.

ამიტომ, მოვითხოვთ, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტროებმა შექმნან უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ცენზურას დააწესებს პირველი ეტაპისთვის ასაკობრივს მაინც, ასეთ ლიტერატურაზე, რომელიც დეგრადაციის, ინცესტის ნიშნებს შეიცავს და ძალიან მავნე არის ჩვენი ბავშვებისათვის, მათი ფსიქოლოგიური, სულიერი, სოციალური ჩამოყალიბებისათვის, ძალიან ცუდ და მავნე როლს თამაშობს“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანიამ.

კომენტარის დატოვება