ზარდიაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი დეპუტატების ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ კვლევას ეხმაურება და ორგანიზაციას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

 დეპუტატმა განაცხადა, ორგანიზაციის მხრიდან ადგილი აქვს ან არაკომპეტენტურობას, ან მიზანმიმართულ ტყუილს.

„კაპიტანი გიგაური მტკიცებით ფორმაში ამბობდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან და ამით კანონს არღვევენ. სიგნალები იყო, რომ ყველა საპარლამენტო ძალა ცუდია, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა. „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის დაცვას არ შევუდგები, მაგრამ გიგაურსა და გვარამიას გამორჩათ, რომ ნაყოფია პარლამენტში არავის არ გვინახავს და მისი ბიზნესს ინტერესების შესახებ ვიცით, თუმცა ისინი დაჟინებით ფორმაში ამტკიცებდნენ, რომ თურმე, დიმიტრი ხუნდაძეს ბიზნეს საქმიანობა აქვს. საუბარია, წინა საუკუნეში 30 კვადრატში დარეგისტრირებულ კვების ობიექტზე, რომელიც დიდი ხანია დახურულია“, – აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.

დეპუტატი კვლევის იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის არასამეწარმეო საქმიანობაზე.

„თურმე, მამუკა მდინარაძე 2005 წელს საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა და თურმე, ესეც ახალი აღმოჩენა ყოფილა. ეს ცალსახა ცილისწამებაა, რომელსაც გიგაური პროკურორ გვარამიასთან ერთად ეწევა. ეს არის არაკომპეტენტურობა, ან მიზანმიმართული ტყუილი. არაკომპეტენტურობას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ თუ რეალურად სურვილი ჰქონდათ ინფორმაცია მოეძიებინათ, ინფორმაცია ისინი აუცილებლად ნახავდნენ საგადასახადო სისტემებში მიმართულ წერილებს სადაც დეპუტატებმა უფლებამოსილების შეჩერებაზე თხოვნით მიმართეს საგადასახადო სისტემებს. ქალბატონ ეკას მოვუწოდებ, რომ თუ არ უნდათ, მათ მუდმივად არაკომპეტენტურობის სახელით და მატყუარების იმიჯით იარონ, ამ ფაქტების დადგენაში ჩვენც მივეხმარებით, ოღონდ, ჩამოთვლილი ერთ-ერთი დეპუტატის საქმიანობა მაინც დაამტკიცონ, რომ ისინი სამეწარმეო საქმეს ეწევიან და დეპუტატის უფლებამოსილებას არღვევენ“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.