„ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო”-206-ე ბაღში მოკვლევა მიმდინარეობს, შსს-მ გამოძიება დაიწყო

ზემო ფონიჭალაში, ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით.

„მდგომარეობა სტაბილურია თუმცა, რთულია,“ – ასე აფასებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, თემურ თორდინავა ზემო ფონიჭალის 206-ე ბაღის აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.

ბავშვი ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. თემურ თორდინავას თქმით, მცირეწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩემი აზრით, ალბათ გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან გადახტა, ანუ მეორე სართულიდან, ჩვენი აღსაზრდელი,“ – განაცხადა თემურ თორდინავამ.

თორდინავა არ გამორიცხავს, რომ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელსაც ბავშის მეთვალყურეობა ევალებოდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დასადგენად მოკვლევა. თორდინავას განცხადებით, მონიტორინგის წარმომადგენლები მივიდნენ უკვე ბაღში.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის პასუხები დაახლოებით, ორ საათში იქნება ცნობილი და მისი თქმით, ამის შემდეგ „უმკაცრეს ზომებს“ მიიღებს.