საქართველოს მიერ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ვოლინკინი და ოპოზიციის მოთხოვნა

კარასინისა და აბაშიძის ბოლო შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა, სექტემბერში გრიგორი კარასინი პოსტს ტოვებს. მის ადგილს კი, რუსული მედიის ცნობით,  საქართველოს მიერ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ივან ვოლინკინი დაიკავებს. საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ადრე საქართველოში დესპანიც იყო.

აღნიშნულის გამო ოპოზიცია კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაუქმებას მოითხოვს. მმართველი გუნდი ოპონენტებს სკანდალის ხელოვნურად შექმნაში სდებს ბრალს.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დანიშვნის ოფიციალურად დადასტურებამდე ივან ვოლინკინის კანდიდატურაზე კომენტარს არ აკეთებს. აღნიშნავს, რომ აუცილებელია რუსეთთან კომუნიკაციის არხის შენარჩუნება.