“ლარი ზედმეტად გაუფასურებულია…”

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. მისი განმარტებით, ნებისმიერი ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები საკმაოდ ძლიერი, რის გამოც ლარი გაუფასურდა. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერმინისტრის თქმით, მაისის და ივნისის მაჩვენებლები ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით საქართველოს ისტორიაში საუკეთესო იყო და არსებობდა ეკონომიკაში ტურიზმის სექტორიდან მეტი შემოსავლის მობილიზების მოლოდინი, რაც, ბოლო მოვლენების გამო ვერ მოხდა.

“ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. ეს არის ექსპერტების დასკვნა. ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განმარტება. ბუნებრივია, ის არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც აქვს თავისი მოსაზრება და ეს მოსაზრება ობიექტურია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა აკონტროლოს ინფლაციის ნიშნული და აუცილებლად უნდა ჩაერიოს იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრები შეიცვლება. ბუნებრივია, მე მაქვს ეს მოლოდინი და ეროვნულმა ბანმა ეს დაადასტურა. ჩვენ მაქსიმალურად გახსნილი ვართ კომუნიკაციისთვის, ჩვენ ბიზნესს ვხვდებით ყოველდღიურ რეჟიმში, ხვალაც, ზეგაც იქნება ამის შესახებ საუბარი. ადგილი აქვს პრობლემა – შემოსავლები ტურიზმიდან დაეცა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ სამოქმედო გეგმით, რომელიც წარდგენილია, იმ წინადადებებით, რომელიც მოვისმინეთ ბიზნესისგან, შევძლებთ, ეს პრობლემები გადავლახოთ”,- აღნიშნა პრემიერმა.