ვის თუ არა, მიხეილ სააკაშვილს პაემნის უფლებებზე პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს – მიიღებს იმას, რაც სხვა პატიმრებისთვისაც არის გარანტირებული – არჩილ თალაკვაძე

გამოდის, რომ სააკაშვილის ოჯახის აზრით, ჩვენი ათი ათასამდე თანამოქალაქე, რომელიც მსჯავრს იხდის, ზეწოლის ქვეშაა და მხოლოდ სააკაშვილს აქვს პრეტენზია ამ ზეწოლაზე – ვის თუ არა, მიხეილ სააკაშვილს ამაზე პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს,  -ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პაემნის უფლება შეუზღუდეს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სააკაშვილი მიიღებს იმას, რაც სხვა პატიმრებისთვისაც გარანტირებულია.

„გამოდის, რომ ათი ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც დღეს მსჯავრს იხდის სასჯელაღსრულების სისტემაში, სააკაშვილის ოჯახის აზრით, ყველა ზეწოლის ქვეშაა და მხოლოდ სააკაშვილს აქვს პრეტენზია ამ ზეწოლაზე. დანარჩენებმა, მისი აზრით, არ იციან თავისი უფლებები, არ აქვთ კანონი წაკითხული, ეკუთვნით პაემანი ყოველ დღე, მაგრამ თვითონ ამბობენ ამაზე უარს? წაიკითხეთ პატიმრობის კოდექსი, წაიკითხეთ ის საკანონმდებლო რეგულაციები, რაც არეგულირებს ოჯახის წევრებთან თუ სხვა პირებთან შეხვედრებს და ნახავთ, რომ ვის თუ არა, მიხეილ სააკაშვილს ამაზე პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. მიიღებს იმას, რაც სხვა პატიმრებისთვისაც არის გარანტირებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს განუცხადეს, რომ ის მხოლოდ თვეში ერთხელ ისარგებლებს პაემნის უფლებით