ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც წლობით არ დადიხარ პარლამენტში, მორალურად გარკვეულწილად დაკარგული გაქვს უფლება, რომ იყო პარლამენტის წევრი

როდესაც წლობით არ დადიხარ პარლამენტში, ხალხის ნებასა და სამართლებრივ მოთხოვნას უგულებელყოფ, მორალურად გარკვეულწილად დაკარგული გაქვს უფლება იმისა, რომ იყო პარლამენტის წევრი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„როდესაც შენ ხარ არჩეული ხალხის მიერ და წლობით არ დადიხარ პარლამენტში, ხალხის ნებასა და ყველა იმ კონსტიტუციურ, სამართლებრივ მოთხოვნას, რომლითაც რეგულირდება ჩვენი ქვეყნის, მათ შორის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა, უგულებელყოფ და რაღაც მომენტში გადაწყვეტ, რომ ამ მომენტში ასე მომინდა, იქ რაღაც ფინანსური კრიზისის საშიშროება დაინახე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა მორალურად გარკვეულწილად დაკარგული გაქვს, იურიდიულზე რომ არაფერი ვთქვათ, უფლება იმისა, რომ იყო პარლამენტის წევრი“,- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პარლამენტში მიმდინარე კვირაში განიხილება.