ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდება, ერთადერთი წითელი ხაზი სამართლიანობაა

იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. ეს ყველაფერი, ბუნებრივია დამოკიდებულია მხარეებზეც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ერთადერთი წითელი ხაზი, რომელიც მმართველ გუნდს გააჩნია, სამართლიანობაა.

„შეთანხმება, რომელიც შედგება უნდა იყოს სამართლიანი. მთავარია, რომ შეთანხმება იყოს სამართლიანი და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით. რასაც ჩავთვლით სამართლიანად, ბუნებრივია ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი. ეს არის ერთადერთი წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამ დიალოგის წარმატებით დასრულების წინაპირობაა ის, რომ რაღაც მომენტში ერთად უნდა დავსხდეთ“, – განაცხადა კობახიძემ.