მრცხვენია, რომ ოდესღაც ”ქართული ოცნების” აქტივისტი მერქვა…

ამ ბოლო დროს ხშირად გვესმის ტერმინები-„ახალი ოცნება“, „ნამდვილი ოცნება“, „პირველი მეოცნებეები“. რატომ მოხდა ასეთი „კლასიფიკაცია“ ალბათ უფრო ისტორიის განსასჯელია, დრო ალბათ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, ერტი კი ცხადია-ამ „კლასიფიკაციით“ დაყოფილი ადამიანების შეხედულებები ერთმანეთისგან განსხვავებულია.

რას ფიქრობენ დღეს „ქართული ოცნების“ 2012 წლის წლის აქტივისტები და რა არის მათი სათქმელი დღეს?

ჩვენ სასაუბროდ მომღერალ  ბეროს, დავით ბერიძე დავუკავშირდით.

იყავით  „ოცნების“ პირველი აქტივისტი, თქვენს თავზე გადაიტანეთ მრავალი მძიმე დღე, ხართ ადამიანი, რომელმაც ოცნებას სიმღერაც მიუძღვენით და დღეს არ ხართ ოცნების გვერდით-რატომ? რამ გამოიწვია უკმაყოფილება?

-გეთანხმებით, იყო დრო, როდესაც ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის 90% – განმსჭვალული სასოებით, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლებოდა, მეც გახლდით ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი მხარდამჭერი. მწამდა მათი მხრიდან სამართლიანობის აღდგენისა და იმ დამნაშავეთა დასჯის, რომლებმაც თავიანთი დიქტატურული მმართველობის რეჟიმით – შიმშილისა და სიღარიბის ფონი შექმნეს ქვეყანაში. ადამიანთა ციხეებში წამებითა და პირდაპირ ქუჩაში ხოცვით, ტრადიციების, ეროვნულ სიწმინდეთა ნგრევით, გარყვნილების პროპაგანდით რომ გვიბიძგეს საბოლოო გადაგვარებისაკენ, მეგონა სწორედ ”ქართული ოცნება” აღუდგებოდა წინ. მჯეროდა სოროსის გავლენას საქართველოში საბოლოოდ მოეღებოდა ბოლო. სისტემა დაინგრეოდა და სათავეში ისევ ეროვნული ძალები მოვიდოდნენ… თუმცა ჩვენდა ჭირად, გამოჩნდა ახალი ტერმინი – კოჰაბიტაცია, რომელმაც იმდენად შეასისხლხორცა ”ნაც-მოძრაობა” და ”ქართული ოცნება” ერთმანეთს, რომ დღეს მათი აქტივისტებიც კი მეშლება, რომელი რომელია ანუ ქართული ოცნებაც ისევე გაიყიდა ფოჩიან კანფეტებზე, როგორც მისი წინამორბედი ხელისუფლება. (თუმცა ნაციონალური მოძრაობა თავიდანვე სულგაყიდული იყო).

რა შემიძლია გითხრათ? საშინლად განვიცდი სიტუაციის ამგვარ განვითარებას და მრცხვენია, რომ ოდესღაც ”ქართული ოცნების” აქტივისტი მერქვა.

-დღეს რას ხედავთ, რა მდგომარეობაა საერთოდ ქართულ ოცნებაში, როგორ უყურებთ ახალ სახეებს და საერთოდ, რა არის თქვენი სათქმელი? ახალ წევრებთან შედარებით უფრო მეტი უფლება გაქვთ მოუწოდოთ პარტიას , რას ურჩევდით?

ვფიქრობ, რომ ქართულ ოცნებას, არც და ვერც ეყოლება, საკუთარი უნიათობიდან და ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკიდან გამომდინარე ახალი წევრები. (ყოველშემთხვევაში მე ასეთებს არ ვიცნობ, პირიქით – ძველებიც ეცლებათ ხელიდან) აუცილებელია, რომ სისტემა რომელიც დალპა და მექანიზმი ჩვენი გადაგვარებისა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასამარდეს ამ ქვეყანაში,

”ქართულ ოცნებას” ვურჩევდი რომ სახელმწიფოებრივად იაზროვნოს. სახელმწიფო კი ხალხია, რომელიც დღემდე უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემას ებრძვის და რომლის 60 % ემიგრაციაში გაიხიზნა ოჯახების გამოსაკვებად. რაღა დავრჩით ამ ქვეყანაში ქართველები? კიდევ მიწებს გვიყიდიან უნამუსოდ, მანქურთებს გვისახლებენ და ყველაზე სუფთა ქართველებს (ფერეიდანელებს) კი უარს ეუბნებიან მოქალაქეობის მინიჭებაზე.

-არჩევნები ახლოვდება, თუ იცნობთ თქვენს საარჩევნო უბანში კანდიდატებს? არჩევანი გაკეთებული გაქვს?

-არჩევნებთან დაკავშირებით რა გითხრათ. ნამდვილად არ მაქვს არცერთი პოლიტიკური ძალის იმედი. მიმაჩნია რომ მანამდეა საჭირო ამ მთავრობის და ყველა მათი კუდი არასამთავრობო ორგანიზაციის მოცილება ქვეყნიდან სოროსის ფონდის ჩათვლით

-კარგი იქნებოდა სხვა თემაზე გვესაუბრა, გაგვეგო რა ხდება თქვენს,, როგორც ხელოვანის ცხოვრებაში ახალი, მაგრამ  ამაზე სხვა დროს, ახლა საშუალება გაქვთ თქვათ თქვენი სათქმელი-რა არის შენი სათქმელი, რომელიც გინდა ყველამ გაიგოს?

-იმედია დადგება უფლის შეწევნით ისევ დრო ამ ქვეყანაში, როცა მომღერალს სიმღერით დააფასებენ, მხატვარს ნახატით და მსახიობს როლით. სამწუხაროდ დღეს ეს არ არსებობს და ვერც იარსებებს სანამ ღია ომი აქვს გამოცხადებული დასავლურ ძალებს ჩვენს წინააღმდეგ. მათ ხომ ჩვენი არა მხოლოდ ეკონომიკის – ეროვნული სულიერების, შემოქმედების და რაც ყველაზე საშინელია სარწმუნოების გამოფიტვა აქვთ განზრახული.

-საკმაოდ მძიმე საუბარი გამოგვივიდა, ამიტომ მოდი მკითხველს ცოტა ამოსუნთქვისთვის ერთი სიმღერა მოვასმენინოთ, რომელსაც თავად აარჩევთ.

-კი ბატონო და ერთს დავამატებ-რაშიც ვხედავ გამოსავალს, ესაა ეროვნული სულისკვეთების მქონე ადამიანების გაერთიანება. ხშირად ვამბობ, რომ ქუდზე კაცია დღეს საჭირო, რომ არ გადავგვარდეთ, რომ ჩვენც არ გაგვყიდონ მალე მიწებთან ერთად ან არაბები არ ჩაგვისახლონ ოჯახებში! სამწუხაროა, რომ იმდენად დაბრმავდა ზოგიერთი ქართველი და დაყრუვდა – რომ მიაჩნია, სწორ რელსებზე დგას დღეს საქართველო. ქვეყანა ირყვნება იღუპება, იყიდება და ”კედელს ჩხირია” მათი რეაქცია!

წარმატებები და უფლის წყალობა მინდა გისურვოთ, როგორც თქვენს სააგენტოს ასევე სრულიად საქართველოს!

ახლა კი დაპირებული სიმღერა.

მუსიკა, ტექსტი, არანჟი ბერო ბეკურიანი დავით ბერიძე