მე ვამაყობ, მიყვარს და მტკივა თბილისი – თბილისობას გილოცავთ!

დარინა ლომინაძე

მსოფლიო ქალთა ტელე–კონგრესის თავმჯდომარე

“შენს ქუჩაში დავიბადე თბილისო….” – ჩემი მშობლები თბილისში დაბადებულ–გაზრდილები არიან, მეც თბილისში დავიბადე და წლებს თბილისთან ერთად ვითვლი…

ავლაბარი, ზემელი, სოლოლაკი, პლეხანოვი, ორთაჭალა – ეს ის უბნებია, რომელთაც ქედს ვუხრით, ეს ის უბნებია, სადაც თბილისელმა თბილისელობა ისწავლა. სიამაყით გავიხსენებ, პაპაჩემი შვილიშვილებს თავისი დროის თბილისზე რას გვიყვებოდა, გვიყვებოდა რიყეზე, მტკვრის სანაპიროზე, მაშინ იქ თურმე ხის პატარა დუქნები ყოფილა განთავსებული. იქ ერთი კაცი დადიოდა, რომელსაც ვანო, მოფერებით ივანუას ეძახდნენო და მარტო მაგას ჰქონდა არღანიო, ქორწილებში ეპატიჟებოდნენო, სასწაულებს ახდენდა ღვინით სავსე ჭიქითო, თან არღანს უკრავდაო, შემდეგ ბებია ჩაეჭრებოდა საუბარში და რაღაცეებს შეუსწორებდა ხოლმე, ივანუა ბებიას ბიძა აღმოჩნა, თურმე ამ კაცს მთელი თბილისი პატივისცემით მოიხსენებდა იმდენათ ალალი და ხალისიანი ყოფილაო –  გვიყვებოდნენ პაპა– ბებიები თავიანთი ეპოქის თბილისის ისტორიას და ქალაქის სურნელს გვასუნთქებნენ, იმ ქალაქის, რომელსაც მზე ათბობს და მზის სხივი ოქროდ უფენია… შემდეგ მშობლებმა გააგრძელეს უფროსების ტრადიცია და ჩვენ, უმცროს თაობას “ძველ ვოდევილებს” ხელისგულზე გვიშლიდნენ…

მამამ იცოდა თქმა, “თუ სწორად გინდა გაანალიზო, წარსული უნდა იცოდეო!” და, რატომაც არა? ეს ტრადიცია თაობებს უნდა გადავცეთ, დღეს ჩემი თვალით დანახულ თბილისზე და თბილისელებზე ვუყვები ჩემს შთამომავალს, ვუყვები მამისა და პაპის დროინდელ თბილისზეც,  შემდეგ ჩემი მომავალი თაობა მოვუყვება წინაპრის თბილისის ეპოქაზე, რომელიც უკვე ისტორიაა, ჩვენი დიდი ისტორია…

ჩემს ბავშვობაში კარგად მახსოვს ეხლანდელ “შარდენზე” და მაშინდელ “ლესელიძეზე”, მატარებლის ვაგონებივით ჩამწკრივებული სახელოსნოები, სადაც ყველა ოსტატს თავი ჰქონდა მოყრილი, მახსოვს მათი მომღიმარი და ბედნიერი სახეები, ერთსულოვნება –  განურჩევლად ერისა და მრწამსისა, გამტანიანობითა და ურთიერთპატივისცემით იყვნენ გამსჭვალულნი…

მახსოვს ღვინის აღმართზე, პატარა ოთახებში განთავსებული საპარიკმახერო, ბატონი ანტოს ქუდების სამკერვალო, დუქნები და მეზურნეები, ფუტკრებივით მოფუსფუსე ხალხს, თითქოს ყველას თავისი საქმე ჰქონდა, მაგრამ კარგად იკვეთებოდა ერთმანეთის მიმართ სითბო და პატივისცემა. კარგად იკვეთებოდა კაცობრიობის მიმართ ერთსულოვნება და გამტანიანობა. მამა ხშირად გვიყვებოდა იმ თბილისსა და თბილისელობაზე, სადაც ახალგაზრდობის ტკბილმა მოგონებებმა ლანდივით გაიარა. მახსოვს დედაჩემი მომიყვა თბილისელ ულამაზეს, ვაჟკაც ქალბატონის სილამაზეზე, ვინმე, მედიკო მებურიშვილზე.

დედა იხსენებდა ხშირად:

უნივერსიტეტის ლექციების დამთავრების შემდეგ, მამაშენი სახლამდე მაცილებდა ხოლმე, მაშინ შეყვარებულები ვიყავითო, რუსთაველის მეტრომდე ფეხით მოვსეირნობით, როცა მედიკომ გვერდით ჩაგვიარა და მამაშენს მიესალმაო, მის სილამაზეს თვალი ისე გავაყოლე, რომ თავის მიტრიალებასაც არ დავრიდებულვარო, არა, იმიტომ კი არა, რომ მამაშენის მისალმებამ დამაეჭვაო, მის სილამაზეს გავეკიდე იმდენად ლამაზი იყოო, მთელი თბილისი ცნობდა მედიკოს თავისი ისტორიითო და საბრალო, გაურკვეველ ვითარებაში ახალგაზრდა გარდაიცვალაო.

ერთხელ მამას ვკითხე-რას ნიშნავს იყო “თბილისელი”? შენი თბილისი როგორი იყო?

მამას გაეცინა და მითხრა:

ბიჭები მეორე უბნის ბიჭებს ჭიდილშიც და ჩახუტებშიც ვეჯიბრებოდით. ჩვენი უბნის გოგოებს ყურადღებას ვაქცევდით და განსაკუთრებულ პატივს ვცემდითო, არავის ვაბედინებდით მათ შეურაცხყოფას. თუ ვინმე გამცილებელთან დავინახავდით, ბიჭს ცალკე ვიხელთებით და ვარკვევდით, ვინ იყო და რა უნდოდა, შემდეგ მკაცრად ვაფრთხილებდით, რომ არ გაებედა ცუდი აზრის გავლება. თუ ჩვენი უბნის გოგოს სხვა უბანში გაეარშიყებოდნენ, იმ დღეს თუ არა მეორე დღისით საქმის გარჩევა გვქონდაო, საქმის გარჩევა ცემა და მოკვლა კი არაო- დამიკონკრეტა მამა ხაზგასმით. აი, ამ წესით ვცხოვრობდით თბილისელებიო.

მიხაროდა თბილისობის ღესასწაულის მოახლოვება, დიდი ზარ–ზეიმით ვემზადებოდით მთელი ოჯახი ამ დღის აღსანიშნავას, ახლო ნათესავებთან ერთად ოჯახებით გავდიოდით სასეირნოდ, ჩემს მეხსიერებაში კარგად არის აღბეჭდილი ის სილამაზე, რომელსაც რიყეზე განლაგებული პატარა ხის სახლები თავისი პატარა ეზოებით ამშვენებდა. თითქოს ხელის გულზე დატეულა მთელი საქართველო, საინტერესო სანახავი იყო ყველა კუთხის წარმოგენილი კულტურა, ხასიათი, ადათი, ცეკვა–სიმღერა და კერძები…

თბილისობა – ეს არის ჩვენი სტუმართ– მასპინძლობა, ერისადმი ურთიერთპატივისცემა, სითბო და სიყვარული. მე, მიყვარს თბილისი! მე, მტკივა თბილისი! მე, ვამაყობ თბილისელობით! მინდა გულით მოგეფეროთ და მოგილოცოთ მთელ საქართველოს თბილისობა. ჩვენი ცხოვრება ზღვაში წვეთია და წუთი წუთისოფელში, გვიყვარდეს ერთმანეთი და მოვეფეროთ ერთმანეთს მრავალჟამიერ!