შორეულ წარსულში, მთვარეს ატმოსფერო ჰქონდა — NASA-ს ახალი კვლევა

როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, დაახლოებით 3-4 მილიარდი წლის წინ, ახლად დაბადებული მთვარის ირგვლივ ატმოსფერო წარმოიქმნა, როდესაც ინტენსიურმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა აირები ზედაპირზე იმაზე უფრო სწრაფად ამოტყორცნა, ვიდრე მათ სივრცეში გაქცევა შეეძლოთ. კვლევა ჩაატარა NASA-ს მზის სისტემის კვლევის ვირტუალურმა ინსტიტუტმა.

როდესაც მთვარეს უყურებთ, ადვილი შესამჩნევია ვულკანური ბაზალტით ამოვსებული დარტყმითი აუზების მუქი ზედაპირი. „მარეს“ სახელით ცნობილი ბაზალტის ეს ზღვები მაშინ ამოიფრქვა, როდესაც მთვარის წიაღი ჯერ კიდევ ცხელი იყო და წარმოქმნიდა მაგმურ ჭავლებს, რომლებიც ხანდახან მთვარის ზედაპირს გამოანგრევდნენ და ასობით კიმომეტრის მანძილზე მიედინებოდნენ. როგორც აპოლოს მისიების მიერ აღებულ ნიმუშთა ანალიზები მიუთითებს, ამ მაგმას ასევე ჰქონდა აირადი კომპონენტები, მაგალითად ნახშირჟანგი, წყლის, გოგირდისა და სხვა აქროლად ნივთიერებათა ინგრედიენტები.

ახალ კვლევაში, NASA-ს მარშალის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის წარმომადგენელმა, დოქტორმა დებრა ნიდჰემმა და უნივერსიტეტთა კოსმოსურ კვლევათა ასოციაციის წარმომადგენელმა, დოქტორმა დევიდ კრინგმა — გამოთვალეს აირების ის ოდენობა, რომელიც ამოფრქვეული ლავიდან უნდა გამოყოფილიყო ზედაპირზე გადაადგილებისას; აღმოჩნდა, რომ ეს აირები მთვარის გარშემო აკუმულირდა და წარმოქმნა გარდამავალი, დროებითი ატმოსფერო, რომელიც ყველაზე სქელი იყო დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ, ვულკანური აქტივობის პიკში და წარმოქმნისას; მთვარის ატმოსფეროს დაახლოებით 70 მილიონ წელიწადს უნდა გაეძლო, შემდეგ კი კოსმოსში გაბნეულიყო.

გაზების ორი უმსხივლესი პულსი წარმოიქმნა 3,8 და 3,5 მილიარდი წლის წინ, როდესაც ლავის ზღვებმა ამოავსო ე. წ. სიწყნარისა და იმბრიუმის აუზები. ლავის ამ ზღვების საზღვრები შეისწავლეს აპოლო 15-ისა და აპოლო 17-ის მისიის ასტრონავტებმა, რომელთა შეგროვილი ნიმუშებიდანაც დადგინდა არა მხოლოდ ამოფრქვევათა დრო, არამედ უზრუნველგვყო ლავის მიერ გამოყოფილ აირთა მტკიცებულებებითაც.

„ბაზალტით ამოვსებისას გამოყოფილი H2O-ს მთლიანი მოცულობა დაახლოებით ორჯერ აღემატება ტაჰოს ტბაში არსებული წყლის ოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ ორთქლის დიდი ნაწილი კოსმოსში უნდა გაფანტულიყო და დაკარგულიყო, მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეიძლება თავის გზა პოლუსებისკენ იპოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ აქროლადთა გარკვეული ნაწილი, რომელსაც მთვარის პოლუსებზე ვხედავთ, მთვარის წიაღშია წარმოშობილი“, — აღნიშნულია კვლევაში.

„ეს კვლევა დრამატულად ცვლის ჩვენს ხედვას მთვარესთან მიმართებით — უჰაერო, კლდოვანი სხეულიდან ჩვენ წინაშე წარმოსდგება სხეული, რომელიც შემოსაზღვრული უნდა ყოფილიყო უფრო ვრცელი ატმოსფეროთი, ვიდრე დღეს მარსს აქვს“, — ამბობს მკვლევარი დევიდ კრინგი.

როდესაც მთვარეს ეს ატმოსფერო ჰქონდა, იგი დედამიწასთან დღევანდელზე სამჯერ ახლოს იყო და შესაბამისად, ცაზეც სამჯერ უფრო დიდი უნდა გამოჩენილიყო.

მთვარის ეს ახალი სურათი მნიშვნელოვანია შემდგომი კვლევების თვალსაზრისით. კვლევა განსაზღვრავს იმ აქროლადთა წყაროებს, რომლებიც ატმოსფეროდან ჩაიჭედნენ ცივ, მთვარის პოლუსების მუდმივად ბნელ ზონებში და აქედან გამომდინარე, შეიძლება ხელთ გვქონდეს ყინულის წყარო მთვარის კვლევის ხანგრძლივი პროგრამებისთვის. ყინულოვან დეპოზიტებში ჩაჭედილმა აქროლადმა აირებმა შეიძლება მთვარეზე გაგზავნილი ასტრონავტები უზრუნველყოს ჰაერითა და საწვავით, რათა განახორციელონ ზედაპირის ოპერაციები; გარდა ამისა, ეს მარაგი შესაძლოა გამოსადეგი იყოს მთვარის მიღმა მისებისათვისაც.

გასული ათი წლის განმავლობაში, მთვარის წიაღში და ზედაპირზე აქროლად აირთა ძებნა ინტენსიურად მიმდინარეობდა. ეს აქროლადები შეიძლება შეიცავდეს საკვანძო ინფორმაციას იმ ნივთიერებების შესახებ, რომელთა აკრეციის შედეგადაც წარმოიქმნა დედამიწა და მთვარე, შესაბამისად, ბევრი რამ გახდებოდა ცნობილი ჩვენი პლანეტის წარმოშობის შესახებაც. გარდა ამისა, აქროლადებმა შეიძლება მიგვითითოს იმ რესურსების ადგილმდებარეობაც, რომელიც NASA-ს მთვარის სამომავლო მისიებისათვის იქნება საჭირო. ასევე, ისეთ რობოტულ ხელსაწყოებს, როგორებიცაა მაგალითად Resource Prospector-ი, რომელზეც NASA ამჟამად მუშაობს — შეუძლიათ გამოიკვლიონ სამეცნიერო ანალიზებისა და აღდგენისათვის საჭირო აქროლად დეპოზიტთა ბუნება და გადანაწილება. ამ ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლებელია მოხერხდეს იმ ყინულის მოძებნა, რომელიც ნაწილობრივ შედგება 3 მილიარდი წლის წინ მთვარის ვულკანური ნაპრალებიდან ამოფრქვეული აქროლადი აირებისაგან.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით