ავსტრალიაში კატები ყოველდღიურად მილიონ ფრინველს ხოცავენ

ავსტრალიაში, უპატრონო და შინაური კატები დღეში ერთ მილიონ ფრინველს ხოცავენ, რაც გადაშენების პირას აყენებს მრავალ სახეობას. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

ჟურნალ Biological Conversation-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, უპატრონო კატები წელიწადში 316 მილიონ ფრინველს ხოცავენ, შინაურები კი 61 მილიონს.

„ყველამ ვიცით, რომ კატები ფრინველებს ხოცავენ, მაგრამ ეს კვლევა აფასებს ეროვნულ დონეზე მონადირებულ ფრინველთა ოდენობას“, — ამბობს ჩარლზ დარვინის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი ჯონ ვოინარსკი.

„მოსალოდნელია, რომ ეს ყველაფერი მრავალი სახეობის შემცირებას გამოიწვევს“.

ციფრები ეყრდნობა გარემოს დაცვის მეცნიერთა მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ 100-მდე კვლევას.

ვოინარსკის თქმით, წინა კვლევები ძირითადად კატების მიერ ავსტრალიის ძუძუმწოვართათვის მიყენებულ საფრთხეებს აღწერდა და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კვლევა ამ კუთხით ფრინველებსაც შეეხო.

როგორც აღმოჩნდა, მტაცებლობა ყველაზე ხშირია ავსტრალიის კუნძულებზე და  მიყრუებულ უნაყოფო, მშრალ არეალებში, სადაც დახოცილ ფრინველთა ოდენობა წელიწადში 330-ს უნდა აღწევდეს ყოველ კვადრატულ კილომეტრზე.

უპატრონო, გაველურებული კატების რიცხვი ავსტრალიაში მილიონებს აღწევს. სწორედ ისინი მიიჩნევიან მთავარ დამნაშავედ ავსტრალიის ძუძუმწოვართა გადაშენების მაღალ მაჩვენებელში.

ამ კატებმა ცხოველთა მთელი სახეობები მოსპეს მას შემდეგ, რაც ორი საუკუნის წინ, ისინი ავსტრალიაში ახალმოსახლე ევროპელებმა შეიყვანეს; შედეგი ვერ გამოიღო მათი სტერილიზაციის მცდელობამ.

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, კატები ხოცავენ ავსტრალიის ფრინველთა 338 ტიპს, რაც თითქმის ნახევარია ავსტრალიის ადგილობრივ ფრინველთა სახეობებისა; მათ შორის არის გადაშენების პირას მყოფი 71 სახეობა.

„დავადგინეთ, რომ კატების მიერ დახოცილი ფრინველები ძირითადად საშუალო ზომისანი არიან, ფრინველები, რომლებიც ბუდობენ და იკვებებიან მიწისპირზე, ასევე ტყიან ადგილებში, მდელოებსა თუ ბუჩქნარში მობინადრე ფრინველები“, — ამბობს ვოინარსკი.

„ავსტრალიის ფრინველთათვის, კატები დიდი ხნის, ფართომასშტაბიანი, სიღრმისეული პრობლემა, რომელსაც უფრო ეფექტიანად მოგვარება სჭირდება“.

ავსტრალიის გადაშენების პირას მყოფ სახეობათა კომისარმა, სებასტიან ლანგმა კვლევას უწოდა „უკიდურესად მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელი“.

„ძუძუმწოვართათვის კატების მიერ მიყენებული საფრთხეების კარგად ცოდნა მთავარი სტიმული გახდა საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა სტრატეგიის შემუშავებისთვის, როდესაც მთავარ პრიორიტეტად უპატრონო კატების კონტროლი დავისახეთ“, — ამბობს ლანგი.

„ეს ახალი კვლევა ხაზგასმით აღნიშნავს სამუშაოების გაგრძელების საჭიროებას, რათა შევამციროთ კატებისგან მომდინარე საფრთხე ჩვენს ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებაზე“.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის მთავრობის მიერ შემუშავებულ საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა სტრატეგიის ფარგლებში, მობილიზდა 23 მილიონი აშშ დოლარი პროექტებისათვის, რომელთა მიზანიც ველური გარემოსადმი უპატრონო კატების მიერ მიყენებული საფრთხეების შემცირებაა.

ივნისში, ერთ-ერთ უდაბნოში დაიწყო კატებისგან თავისუფალი 69 000 ჰექტრიანი ზონის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივ ძუძუმწოვრებს საშუალებას მისცემს თავი დააღწიონ გადაშენებას, რომელსაც მათ უპატრონო, გაველურებული კატები უქადიან.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით