“მიშა ძვირფასო, ივანიშვილის თამაშს თამაშობ და საფრთხობელას როლს ასრულებ მის თამაშში”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს და წერს:

“მიშა ძვირფასო, როცა არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და სხვა ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებ, ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა ოცნება ხალხს შენი დაბრუნებით, არეულობით აშინებს და ეს სამწუხაროდ მუშაობს, შენ ზღვის გადმოცურვით იმუქრები, თან იძახი პოლიცია და ჯარი ჩემს მხარესაა- ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა შენს თანაგუნდელებს ეუბნები – თქვენ თუ მოიგეთ, მე ამით რა სარგებელი მაქვსო – ივანიშვილის წისქვილზე ასხავ წყალს. რით ვერ გააცნობიერე, რომ საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში.

აღარ ვაპირებთ შენი და შენი მეგობრების წელს ქვევით პრწკენებზე ბევრი დრო დავხარჯოთ. არჩევნებია და ოცნებას ამ საჩუქარს არ გავუკეთებ. როცა შენი პარტიის დღევანდელი ლიდერი შენს მინისტრს ( რომელთანაც ყველანაირად ვალში ხარ) ყაჩაღს უწოდებს ჟურნალისტებს გაურბიხარ – საქართველო მე არ მეხებაო. ახლა არჩევნების წინ ორღობესავით ჭორაობ ქართულ პოლიტიკაზე და პარტიებზე – გაუცნობიერებლად ივანიშვილის უკეთებ საქმეს. ჩამოყალიბდი რა გინდა. გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია.

პ.ს. ალბათ ცოტა ხანში წასვლასაც ჩვენ დაგვაბრალებ

„მე კრაკოვეცთან რაც გავაკეთე, საქართველოში ეს გზა ჩემთვის ჩაიკეტა იმ შეთანხმებებით, რაც მოხდა შარშან არჩევნების წინ და არჩევნების მერეც, მთავარ პრობლემად გამოაცხადეს არა ივანიშვილი, არამედ ჩემი შესაძლო დაბრუნება. ჩემი შესაძლო დაბრუნება გამოაცხადეს მთავარ პრობლემად და არა ბიძინა ივანიშვილი. ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა”, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.