ტარიელ ხარხელაური: უარს ვამბობ თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდებაზე!

ცნობილ პოეტს, ტარიელ ხარხელაურს გამგეობამ თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. თუმცა ბატონმა ტარიელმა უარი თქვა და გამგებელს, ლელა ქიტესაშვილს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა:

“ქალბატონო ლელა,
…შეიძლება სრულიად დამსახურებულად და შეიძლება არა, მეკუთვნოდეს თიანეთის საპატიო მოქალაქეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, უარს ვამბობ თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდებაზე! არ მინდა და, არც მაქვს სურვილი თავი ვინმესგან დავალებულად ვიგრძნო, ან მავანმა და მავანმა ესეც თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს, ვინაიდან,- მე თქვენს გვერდით არ ვდგავარ! 

მე ჩემი რაიონი და ჩემი უბრალო ხალხის სიყვარული მეტად მიღირს, ვიდრე საკუთარი თავისა და ჩემი ოჯახის რაიმე სახით უზრუნველყოფა. ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე არასოდეს მიცხოვრია ჩემს ხალხზე უკეთესად, არასოდეს მიმიჩნევია თავი სხვაზე აღმატებულად…
აქვე ღრმა პატივისცემას გამოვხატავ ჩემთვის მართლაც რომ ღირსეული საპატიო თიანელების მიმართ, რომელთაგან აბსოლუტურად ყველა ,- “არასაპატიო” თიანელის სწორად მიყვარს”.

,,მადლიერების განცდითა’’ და პატივისცემით აწ უკვე ყოფილი “თიანეთის საპატიო მოქალაქე”
ტარიელ ხარხელაური

ცნობისთვის, თიანეთის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი და სავარაუდოდ სწორედ ამ სტატუსმა გამოიწვია პოეტის მიერ წერილია გაგზავნაც.

-სწორედ რომ საპატიო და ღირსეული თიანელები და თიანეთის მოყვარული ადამიანები დგანან ჩვენს გვერდით…  ამორალურები, მოღალატეები, თანამდებობით დაუკმაყოფილებლები და სამარცხვინო წარსულის ადამიანები იქით, ჩვენგან შორს!!!

სტატუსს საკმაოდ ბევრი კომენტარი მოჰყვა, როს შემდეგაც გამგებელმა დასძინა:

-საინტერესოა… რამდენი ადრესატი ყოლია ამ ჩემ სტატუსს, თავად წამოყვეს თავები. არადა, არ მიმითითებია სად იყვნენ- „იქით, ჩვენგან შორს“-მეთქი.
ტყუილად ცდილობთ მაგ თქვენს პატარა “ტაფაში” მოაქციოთ თიანელების უმრავლესობა, რომელნიც მართლა ღირსეულები არიან და არჩევანსაც შესაბამისს გააკეთებენ.