„გადაწყვეტილება თბილისელების სასარგებლოდ“ თუ „მარაზმი” და “მორიგი სირცხვილი“

ევროპული საქართველოს პარლამენტის დეპუტატები საკრებულოში შესვლას ითხოვენ, თუმცა სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ. საკრებულოს წინ სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

თბილისის საკრებულოს წინ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ გააკეთა.

მისი თქმით, დებოშისა და დესტრუქციის საშუალება არავის მიეცემა, არც პარლამენტის წევრს და არც მოქალაქეს.

“მკაფიოდ მინდა განვაცხადო, ამის უფლება ნამდვილად არავის არ აქვს. გადაწყვეტილებას ვიღებთ თბილისელების სასარგებლოდ. რეგლამენტისა და კანონის დარღვევა გვაქვს ზუსტად მათი მხრიდან, როდესაც ისინი იჭრებიან შენობებში, ამტვრევენ მიკროფონებს და საკრებულოს ფუნქციონირების უფლებას არ აძლევენ. ეს არის ის სიმართლე, რომელიც არის დღევანდელი რეალობა. დებოში მათი მხრიდან არის დაანონსებული, ყველამ ნახეთ 29 სექტემბერს რა საქციელით მოქმედებდნენ და ყველა ზომას მიმართ

მარიკა დათუკიშვილი კი აცხადებს, რომ რაც საკრებულოში ხდება არის მარაზმი.

-– საკრებულოს შენობას აქვს რამდენიმე შემოსასვლელი, ყველა შესასვლელი ბლოკირებულია, მხოლოდ ცენტრალური შემოსასვლელია დატოვებული და ისიც ბარიკადებით არის გადაკეტილი, დაკეტილია საშვთა ბიურო, დღეს მოქალაქესთან მაქვს შეხვედრა, არ მაძლევენ საშუალებას ეს ადამიანი შემოვიყვანო და დავკავდე მისი პრობლემების მოგვარებით, ამასთან დაკავშირებით ვესაუბრე საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, რომელმაც ამიხსნა, რომ ასეთი გადაწყვეტილებაა და დღეს ვერცერთი ადამიანი ვერ შემოვა საკრებულოში, ეს არის მარაზმი რაც აქ ხდება, ეს არ არის მხოლოდ შეზღუდვა ადამიანებისთვის საჯარო სხდომაზე დასწრების, ეს არის თვითმმართველობის კანონის დარღვევა, ქარტიის პრინციპის დარღვევა და საერთოდ ყველანაირი ნორმის დარღვევა, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნონ, – აცხადებს მარიკა დათუკიშვილი.

შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძეც.

-ჩვენ დღეს ვხედავთ “ქართული ოცნების“ მორიგ სირცხვილს, როდესაც “ოცნების“ უმრავლესობა საკრებულოში ცდილობს ხალხისგან თავი დაიცვას იმ უპრეცენდენტო რაოდენობა პოლიციელებით, სუს-ის თანამშრომლებით და ზონდერებით. ეს ხდება კანონის უხეში დარღვევით, რადგან საკრებულოს შენობა არის საჯარო სივრცე, აქ უნდა ხდებოდეს თბილისელებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება და მათ არ უნდა სჭირდებოდეთ ასე ხალხისგან თავის დაცვა. ჩვენ დღეს არ ვაპირებთ, ასე მშვიდად დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს თბილისელების ქონება ერთ ლარად. ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით 14:00 საათზე აქციაზე და გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ ხალხთან ერთად” – ამბობს  ნადირაძე.