ოპოზიციის ნაწილის მიზანი იყო წარმოეჩინათ, თითქოს მათ ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მიზანი იყო წარმოეჩინათ, თითქოს მათ ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს.

„ოპოზიციის ერთი ნაწილის, რადიკალური ნაწილის მთავარი მიზანი არის ის, რომ არჩევნების წინ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე ხელს უშლის სტაბილურად, მშვიდობიანად არჩევნების ჩატარებას, თითქოს მათ აზრის გამოხატვაში ვინმე ხელს უშლის. მე ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაიანახა. სამართალდამცველებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, რომ ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა. მინდა ყველა ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანის ღირსებას, მის ძირითად უფლებებს. სტაბილურობას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ვერანაირი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ და რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ძალა შეგვწევს”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრმა ასევე განმარტა, რომ პროექტი „პანორამა თბილისი“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომლის დანაშაულად მონათვლასაც ცდილობენ.

„ათასგვარი სიცრუე მოვისმინეთ გუშინ, დაწყებული იქიდან, რომ სხდომა დახურეს და ამ დროს პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა სხდომის ტრანსლაცია, დამთავრებული იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დედაქალაქისთვის მონათლონ დანაშაულად. 2012 წელს ჩვენს ქვეყანაში სიცრუით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა დასრულდა და ამ მონაპოვარს ჩვენ ძალიან საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.