გიგი უგულავა – საერთოდ, არ მესმის, როდესაც ხარ ადამიანი და მეორე ადამიანი შიმშილობს, იმაზე დაიწყო ქირქილი, დაცინვა და გამოჯავრება, ეს რა ადამიანობაში ჯდება, არ მესმის განსაკუთრებით გული მწყდება სოზარ სუბარზე

საერთოდ, არ მესმის, როდესაც ადამიანი შიმშილობს, იმაზე დაიწყო ქირქილი, დაცინვა და გამოჯავრება, ეს რა ადამიანობაში ჯდება, საერთოდ არ მესმის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის აქცია დაწყებულია და იგი ამ პროცესს დადებითად აფასებს.

როგორც მან აღნიშნა, მას განსაკუთრებით გული ყდება სოზარ სუბარზე, რადგან ეს ადამიანი ომბუდსმენი იყო და გაცილებით მეტი მოეთხოვება, მათ შორის როგორც დღევანდელ პოლიტიკოსს, ვიდრე თუნდაც ნინო წილოსანს.

„ძალიან მძიმე აქტია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის ეს, რადგან უამრავი ადამიანი დღეს შიმშილობს და თავის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს ერთი მოთხოვნის გამო, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი.

საერთოდ, არ მესმის, როდესაც ხარ ადამიანი და მეორე ადამიანი შიმშილობს, იმაზე დაიწყო ქირქილი, დაცინვა და გამოჯავრება. ეს რა ადამიანობაში ჯდება, საერთოდ არ მესმის. განსაკუთრებით გული მწყდება სოზარ სუბარზე, რადგან ეს ადამიანი ომბუდსმენი იყო და გაცილებით მეტი მოეთხოვება, მათ შორის როგორც დღევანდელ პოლიტიკოსს, ვიდრე თუნდაც ნინო წილოსანს. ჩემთვის პერსონალურად სამწუხაროა, თავის დროზე ეს რომ ომბუდსმენი გახდა, მე მხარი მაქვს დაჭერილი და ერთ-ერთი რეკომენდატორი ვიყავი. უნდა ვაღიარო, შევცდი ადამიანურად, თორემ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის. როგორ შეიძლება ასეთი რაღაც იკადრო, რაც არ უნდა გეზიზღებოდეს. ადამიანი შიმშილობს, ან გაჩუმდი ან თანაგრძნობა გამოხატე და შენი პოლიტიკური მესიჯი თქვი. ასეთი რამ ველურობის მანიშნებელია.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან მტკიცედ და მშვიდად ვხვდებით ასეთ პროცესებს, რადგან დღის წესრიგი არის დღის წესრიგი. რაც არ უნდა ილაპარაკოს „ქართულმა ოცნებამ,“ ვხედავთ, რომ პროცესი მაინც დაძრულია.

ჩვენ ვნახეთ „ოცნებას“ უნდოდა მიხეილ სააკაშვილი რიგით პატიმრად წარმოეჩინა, ვერ გააკეთა. შემდეგ ათასი ტყუილი იყო მასთან დაკავშირებით და მაინც ფარდა აეხადა. ისინი ამბობდნენ, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს და არც ავად არის, ჩვენ ვნახეთ საპირისპირო. მერე თვითონ მოუწიათ კონსილიუმის შექმნა და განცხადებების გაკეთება. ვნახეთ პროცესში როგორ არაადამიანურად და სამწუხაროდ გამოიყურება „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს პროცესი მაინც მიდის. მიუხედავად ბევრი გამოთქმული სკეპტიკური მოსაზრებისა, იმედის თვალით ვუყურებთ იმ მოლაპარაკებებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა წამოიწყო. დანარჩენი, პროტესტი არის მწვავე, მოითხოვს ყურადღებას და პროტესტს ექნება ყურადღება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.