როდესაც კომფორტული ოფისი დგას და შენს მხარდამჭერებს ქუჩაში აიძულებ შიმშილობას, ეს აჩვენებს სააკაშვილის დამოკიდებულებას, თუ რად მიაჩნია ადამიანები – არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ შიმშილობის დაწყებას პროვოკაციული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის მუნიციპალურ არჩევნებში მარცხიდან ყურადღების გადატანას სხვა საკითხზე. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ მათი [„ნაციონალური მოძრაობის“] გადაწყვეტილება ემსახურება მართლმსაჯულებისგან როგორმე თავის დაღწევას.

„ცინიკურია, როდესაც სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს და აიძულებს იშიმშილონ ამ უტოპიური მიზნისთვის. სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა და ის [სააკაშვილი] სასამართლოში სხდომებს არ ესწრება. მაგრამ მხარდამჭერებს აიძულებს, რომ მისი სასამართლოს გამო იშიმშილონ, ეს თავისთავად ძალიან ეგოისტური და ცინიკური ნაბიჯია. ყველამ ვნახეთ, რომ მხარდამჭერები, კახეთის გზატკეცილზე პრაქტიკულად ქუჩაში, კარვებში შეიყვანეს და შიმშილობენ მაშინ, როდესაც არის პანდემია, ზამთარი და დაბალი ტემპერატურა. ესეც მიუთითებს დამოკიდებულებაზე – როდესაც დგას კომფორტული ოფისი და შენს მხარდამჭერებს ქუჩაში აიძულებ შიმშილობას, რა თქმა უნდა აჩვენებს სააკაშვილის დამოკიდებულებას, თუ რად მიაჩნია ადამიანები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიმშილობის მასობრივი აქცია დაიწყო.