“არსებობდა ვერსიები, რომ მასონების დანიშნული ვარ, თითქოს ბიბლიოთეკაში ორგიებს ვმართავდით…”

დავით დოლიძე

გიორგი კეკელიძე: ეროვნული ბიბლიოთეკა დღეს საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობს

ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან გიორგი კეკელიძესთან.

-საკმაოდ ხშირად, დიდ და ძველ ბიბლიოთეკებს არაერთ ლეგენდას, უცნაურ და მისტიკურ ამბავს უკავშირებენ. რა ლეგენდები დაგხვდათ თქვენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გახდით?

-ბიბლიოთეკა ზოგადად გულისხმობს მისტიკურობის განცდას – საცავები, ძველი წიგნები… რაც ადამიანს უბიძგებს, რომ ირაციონალური ამბების ტომარას მოხსნან პირი. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ლეგენდების მიხედვით, ბიბლიოთეკაში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც მილიონობით წიგნს იპარავდნენ და არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც ამ წიგნებს კბილებით იცავდნენ. წიგნის არაერთი „მცველი“ ძირითადად თავად ქმნიდა საკუთარ თავზე ასეთ ლეგენდებს. ცხადია, ეს ადამიანები დღეს ბიბლიოთეკაში აღარ მუშაობენ.

საწყის ეტაპზე არსებობდა ვერსიები, რომ მე მასონების დანიშნული კაცი ვარ. სადღაც ისიც კი ეწერა, თითქოს ბიბლიოთეკაში ორგიებს ვმართავდით.

მას შემდეგ, რაც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გავხდი, პირველ მიზნად აბსოლუტური საჯაროობა დავისახე და შევეცადე, რომ ყველა ტიპის ინტერესის ადამიანისთვის აქ კომფორტული სივრცე შექმნილიყო. გვსურდა, რომ ადამიანთა ყურადღება ირიბად მაინც გადაგვეტანა წიგნებზე. ამის შემდეგ ისეთ თვისობრივ რეფორმებზე გადავედით, როგორიც იყო ელექტრონულ ბაზებზე მუშაობა. ამ კუთხით, დღეს, კავკასიაში და შეიძლება ითქვას – პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, ლიდერები ვართ. ამას მოჰყვა კორპუსების რეაბილიტაცია, სოფლის ბიბლიოთეკების გახსნა, პროექტები: „ციფრული ფოტომატიანე“, „ფიროსმანი“. მალე წიგნისა და დამწერლობის მუზეუმებსაც გავხსნით.

ამასობაში ნელ-ნელა გაქრა ის ლეგენდები, რომელბიც რიგ შემთხვევაში არცთუ სასიამოვნო მოსასმენი იყო. ვფიქრობ, ეროვნული ბიბლიოთეკა დღეს საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობს.

-არცთუ იშვიათად, მკითხველებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური წიგნები და გამოცემები აინტერესებთ. რამდენად ხელმისაწვდომია ისინი დღეს?

-ახლა ზუსტად ამ საკითხზე ვმუშაობთ; დავით ბეჟუაშვილის ცოდნის ფონდთან დაფინანსებით, განსაკუთრებული პროექტი – „წიგნის მუზეუმი“ კეთდება, სადაც გამოიფინება ყველა ის იშვიათი გამოცემა, რომელიც მკითხველთათვის აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო. ეს იქნება მსოფლიო სტანდარტის, მუდმივმოქმედი მუზეუმი.

ერთი მხრივ, აქ თქვენ შეგეძლებათ წაიკითხოთ ეს უნიკალური გამოცემები ციფრულ ფორმატში, მეორე მხრივ კი საკუთარი თვალით, ახლოდან ნახოთ ორიგინალები – ეს იქნება ძველი, ფორმით განსხვავებული, უნიკალური გამოცემები – დაწყებული 1629 წელს დაბეჭდილი ქართულ-იტალიური ლექსიკონიდან, (ეს არის პირველი წიგნი, რომელშიც ქართული შრიფტი მოხვდა) – მინიატურული წიგნებით დასრულებული.

„წიგნის მუზეუმში“ ასეთი წიგნები დაგხვდებათ. ეს ის წიგნებია, რომლებმაც, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე რომ ვთქვათ, საქართველო, როგორც კულტურული ქვეყანა, დღემდე მოიყვანა. მათ შორის წერილობით – ხელით დაწერილ ძეგლებსაც ვგულისხმობ. ყველაფერი გამოიფინება და ეს იქნება ერთგვარი ქართული პასპორტი, რომლის წარდგენაც ნებისმიერი უცხოელისთვის თამამად შეგვეძლება.

-ბიბლიოთეკა და წიგნის შემომწირველები…

-წიგნებთან დაკავშირებით მგონია, რომ ემოციური აზრით, ნებისმიერი ადამიანისთვის, ემოციური აზრით, შეიძლება ჩვენთვის, ან

არსებობს წიგნები, რომლებიც, რომელიღაც აუქციონისთვის თვისობრივი თვალსაზრისით შესაძლოა ღირებული არ ყოფილიყო, მაგრამ ჩვენთვის ყველა შემოწირული წიგნი უკიდურესად მნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში, ეს მინაწერიანი წიგნები, რომელიც მეხსიერების ნაწილია, ძალიან დიდ ემოციას ატარებს.

ჩვენთვის არ შემოუწირავთ ძალიან ძველი, ან იშვიათი წიგნები, მაგრამ, ყოველდღიურად, სოფლის ბიბლიოთეკებისთვის, თუნდაც ჩვენი ფონდისთვის, ასობით წიგნი შემოდის. თითოეული ასეთი წიგნი უკიდურესად ძვირფასია, ისინი ხომ ათწლეულები საოჯახო ბიბლიოთეკებში ბინადრობდნენ…

ბიბლიოთეკა მადლიერია ამ ადამიანების, პირადად ჩემთვის, ყველაზე უბრალო ტიპის გამოცემაც კი მეძვირფასება.

-„ციფრული ფოტომატიანე“ – რა ეტაპზეა დღეს ეს პროექტი და რა შედეგი მოიტანა თქვენთვის, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორისთვის?

-„ციფრული ფოტომატიანე“ ეროვნული ბიბლიოთეკისა და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც დღესაც გრძელდება და ვფიქრობ დიდხანს გაგრძელდება, რადგან საოჯახო ალბომების ამოწურვა საკმაოდ რთულია.

ამ პროექტის იდეასა და მიზანზე საუბრისას, ხშირად ვახსენებ ილია ჭავჭავაძის ფრაზას, რაზეც თავის დროზე წუხდა ილია – ჩვენი ისტორია მეფეების და ბრძოლების ისტორია იყო, სადაც ხალხი არ ჩანდა.

ამ პროექტით ხალხის, ყოველდღიურობის წინა პლანზე წამოწევა დავიწყეთ, მაგალითად, როგორი იყო ადამიანი 1894 წელს, როგორი იყო ადამიანი 1907 წელს, 1919 წელს და ა.შ.
ხშირად ვპოულობდით ფოტოებს, რომლებიც კონტექსტით, ადამიანებით, ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. შეიძლება, ვთქვათ, ქუთაისში და თელავში გვენახა ერთი და იგივე ადამიანების მონაწილეობით გადაღებული ფოტო, ოღონდ განსხვავებული რაკურსებით.

შეგროვდა მასალა, რომელიც ადამიანებს ორიენტირებაში დაეხმარება, მაგალითად – როგორი ცვლილება განიცადა დამოუკიდებლობის პერიოდის ადამიანმა – საბჭოთ პერიოდში. როგორი იყო მისი ჩაცმულობა, დგომის მანერა, სიტუაციები, გარემო, სადაც ფოტოებს ყველაზე ხშირად იღებდნენ და ა.შ.

ამ ფოტოებმა ხშირ შემთხვევაში დაგვანახა წარსული, რომელსაც ტექსტებში ვერ ვხედავდით, ეს ფოტოები, გარკვეულწილად, თავად იქცნენ ტექსტებად.
პროექტის საწყის ეტაპზე ორიგინალი ფოტოების შეგროვებაც იგეგმებოდა, მაგრამ, რადგან ციფრულზე გავაკეთეთ აქცენტი და ფაქტმა, რომ ფოტოები ოჯახებში რჩებოდა, უამრავი სახლის კარი გაგვიღო.

რამდენიმე სამწუხარო შემთხვევაც მოხდა. მაგალითად, ერთ-ერთი იუნკერის ოჯახს მოულოდნელად დაეწვათ ფოტოს ორიგინალები და ახლა ისინი მხოლოდ ჩვენთან, ციფრული ფორმატით არის შემონახული. ამ შემთხვევებმა დაგვანახა მოცემულობა, რომ ადრე თუ გვიან ყველა ფოტო დაძველდება, ჩვენთან კი ეს ყველაფერი შეინახება.

-მოულოდნელად ნაპოვნი მნიშვნელოვანი ფოტოები…

არაერთი ასეთი შემთხვევა გვქონდა, მაგალითად, რაჭაში, ერთ-ერთ ოჯახში მივაგენით აკაკი წერეთლის ფოტოს, რომელიც მისი მოგზაურობის დროს არის გადაღებული. ერმაკოვის ფოტოები ვიპოვნეთ აჭარაში, ბაქოში ვნახეთ როინაშვილის ფოტოები.

-ქალაქი და ბუკინისტები…

-მე მგონია, რომ ბუკინისტების ყოფნა, ბუკინისტური მაღაზიების არსებობა არის აუცილებლობა, როგორც კულტურული აქცია და არა როგორც მაინცდამაინც საჭიროება. იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, ყველა ის წიგნი, რაც შეიძლება ბუკინისტებთან შევიძინოთ ციფრულ მატარებელზე და თუკი მაინცდამაინც წაკითხვა გვინდა, იქ წავიკითხოთ.

ყველა ის წიგნი, რასაც ბუკინისტებთან ვყიდულობთ, ადრე თუ გვიან გაციფრულდება და მისი წაკითხვა ამ ფორმითაც იქნება შესაძლებელი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ბუკინისტური მაღაზიების არსებობა აუცილებელია, როგორც კულტურული აქცია.

ბუკინისტები, ბუკინისტური მაღაზიები ეს ერთგვარი მანიფესტია – ერთი მხრივ სიძველის, მეორე მხრივ კი კულტურული უწყვეტობის. ამ ტიპის მაღაზიები აუცილებლად უნდა არსებობდეს და ის აუცილებლად იარსებებს, სანამ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მათ წიგნებს ყიდულობენ და ბუკინისტური მაღაზიების ფიზიკურად შენერჩუნების გარანტორები არიან.

დღეს, ჩვენს დროში, ბეჭდური წიგნი და ბუკინისტური მაღაზია, როგორც ერთგვარი ცოცხალი მუზეუმი – ასეც შეიძლება დავახასიათოთ; ათწლეულების შემდეგ ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება და ერთგვარი კონკურენტიც კი იქნება წიგნს მუზეუმისა, რომელსაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვხსნით.

ამ კუთხით უნდა ვეცადოთ და შეიძლება ცოტა ხელოვნურად, მაგრამ ხელი უნდა შევუწყოთ ბუკინისტების გადარჩენას.

და თუ რატომ არიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ბუკინისტები, ამის გასააზრებლად მკითხველს სიამოვნებით ვურჩევდი ზურაბ კიკნაძის ერთ ესეს – რომელსაც „ბუკინისტები“ ჰქვია. ეს ესე კარგად იტევს იმ სევდას, რაც ბუკინისტების გაქრობის საფრთხეს უკავშირდება.

-„გურული დღიურები“, როგორც ბესტსელერი. რამ განაპირობა მისი ასეთი პოპულარობა?

-„გურული დღიურების“ პირველი წიგნი ძირითადად იმ ესეების კრებულია, რომელსაც სხვადასხვა დროს ვაქვეყნებდი და შემდეგ გავაერთიანე. ამ წიგნს არც ჰქონია პრეტენზია, რომ ეს იყო იმ წელს დაწერილი საუკეთესო წიგნი პროზაში და ა.შ. „გურული დღიურები“ ერთგვარი სურვილი იყო 90-იანი წლებისთვის დოკუმენტური პროზის თვალით გადამეხედა. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი არ არის და დანარჩენს მომდევნო წლებში გავაკეთებ…

პრ-ის გარდა, ვფიქრობ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო, რამაც ამ წიგნის პოპულარობა განაპირობა.

ერთი ალბათ ის, რომ ზოგადად გურიას, დიდი ხანია არავინ შეხებია. ნოდარ დუმბაძის ფენომენის შემდეგ, რაღაც ვაკუუმი შეიქმნა და ბუნებრივია, მკითხველი გურიასთან დაკავშირებული ამბების ტექსტში გამოჩენას ელოდა.

მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ 90-იანი წლების იდენტობა იყო, რომელიც ჩემი, ჩემზე ოდნავ წინა და მომდევნო თაობისთვის მსგავსია. მსგავსების პოვნამ დიდწილად იმოქმედა ამ წიგნის პოპულარობაზე.

მესამე და მნიშვნელოვანი კი ალბათ არის ის, რომ ამ ეთნიკურ ამბებს, საკუთარი წარსულის ამ რაკურსით ძიებას, ბუნებრივია, ყოველთვის ეყოლება გამომხმაურებელი. ადამიანი ამას მეტ-ნაკლებად მაინც აკეთებს და თუკი ეს მისთვის მისაღები ლიტერატურული ფორმით არის მიწოდებული, ბუნებრივია, რომ კითხულობს და სხვასაც უზიარებს.

ამ წიგნის ტირაჟი 15 ათას ეგზემპლარამდე ავიდა, რაც ჩვენს დროში ქართული რეალობისთვის ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენაა.

-ესეების კრებული – „ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი“ და სტერეოტიპი, რომ სპორტზე წიგნების წერა „არასერიოზულია“…

-არ მგონია, რომ სპორტზე დაწერილი ლიტერატურა მეასეხარისხოვანი უნდა იყოს. სპორტი, მათ შორის ფეხბურთიც, ჩვენი ცხოვრების სერიოზული ნაწილია, რა თქმა უნდა იმ ხალხს ვგულისხმობ, ვინც ფეხბურთის გულშემატკივარია.

ეს სტერეოტიპი, რომ სპორტზე დაწერილი ლიტერატურა არასერიოზულია, საბჭოთა პერიოდის ინერციაა, როდესაც ჩვენ ძალიან დიფერენცირებული გვქონდა – რა არის მაღალი ლიტერატურა, რაზე უნდა წერო, რომ შენ მიგიჩნიონ მაღალხარისხოვან მწერლად და რომელი თემებია, იმ დროის ტერმინი რომ გამოვიყენოთ – „ჭე კლასის“.

ეს ინერცია აუცილებლად უნდა დავძლიოთ და ჩემი წიგნიც ამ ინერციის დაძლევის სურვილიდან გამომდინარეობდა. ეს არის წიგნი, ძირითადად, ფეხბურთზე და „გურული დღიურების“ ერთგვარი გაგრძელებაც კია – ამ წიგნში თავმოყრილი ესეები იმ ემოციებს უკავშირდება, რაც 90-იან წლებში იბადებოდა.

„ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი“ გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა და თავისი გამორჩეული სერიის ნაწილად აქცია. ეს არის ძალიან კარგი სერია, რომელიც იმ იშვიათ წიგნებს აერთიანებს, რაც ფეხბურთზე დაიწერა.

ჩემი წიგნი მეტ-ნაკლებად ეხება ქართულ ფეხბურთს, მის ისტორიას. ცხადია, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს მქონდა ფუფუნება, რომ არქივისთვის გადამეხედა და მენახა, თუ როგორ შემოდიოდა ფეხბურთი ქართულ ლიტერატურასა და პუბლიცისტიკაში. გარდა ამისა, „ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი“ მანჩესტერ „იუნაიტედის“ ამბავიცაა, კლუბის, რომელსაც ვგულშემატკივრობ.

-რატომ ლიტერატურა და რატომ წიგნები?

-ეს ძალიან რთული კითხვაა და მას მხოლოდ ტენდენციური პასუხი შემიძლია გავცე. ჩემი აზრით, ლიტერატურის უპირატესობა ის არის, რომ სულ რაღაც საათებში, დღეებში შეგვიძლია – დავიბადოთ, ვიცხოვროთ და გარდავიცვალოთ კიდეც სხვა ადამიანის მაგივრად. ასეთი შესაძლებლობები ადამიანს სხვაგან არ ეძლევა, ეს უნიკალური შანსია, ამიტომ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.