ჩემი მშვენიერი ქართველი ქალი…

არნოლდ გეგეჭკორი

2015 წლის ოქტომბერში თბილისში გაიმართა აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის თანამედროვე პრობლემები“. თემით: ,,ბლუმენბახის კავკასოიდური (ევროპეოიდული) რასა ქართველი მანდილოსნის თავის ქალის მიხედვით“. 23 წლის ბლუმენბახმა (!) დაახლოებით 90-მდე თავის ქალის გამოყენებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მის მიერ შემუშავებული სახისა და თავის ქალის ე.წ. ხაზობრივი განზომილებებით, კანის ფერითა და სხვა მონაცემებით, ანთროპოლოგიაში პირველმა საბოლოოდ შემოგვთავაზა 5 რასა, მათ შორის კავკასოიდური ანუ ევროპეოიდული. ამგვარად, ევროპეოიდული გააიგივა კავკასოიდურთან და ამ უკანასკნელს უპირატესობაც კი მისცა (უკანასკნელი ტერმინი ანთროპოლოგიაში დღემდე, მოგეხსენებათ, დაკანონებულია). ბლუმენბახის ეს ნაშრომი გაღრმავებული სახით, მის ცხოვრებაში სამჯერ გამოიცა; ნათარგმნია ინგლისურ ენაზე. საინტერესოა, რომ თეთრკანიანი, იგივე კავკასოიდური რასის პროტოტიპად მეცნიერმა იხელმძღვანელა პეტერბურგიდან გაგზავნილი 26 წლის, უდროოდ დაღუპული ქართველი მანდილოსნის თავის ქალით. ბლუმენბახი ერთდროულად დიდი ესთეტიც იყო და სადოქტორო დისერტაციაში (23 წლისამ დაიცვა!) არაერთხელ გამოიყენა ფრაზა: ,,ჩემი მშვენიერი ქართველი ქალი“.

მოგვიანებით არაერთმა ოპონენტმა მიანიშნა, თუ რატომ უწოდა სწავლულმა შესაბამის რასას კავკასოიდური და არა ქართველი. პასუხი იყო ერთი: ევროპის საზოგადოების ცნობიერებაში ,,კავკასია“ რიგი მითოლოგიისა და ა.შ. მიხედვით გაცილებით გასაგები და მისაღები იყო, ვიდრე ერთი ერი – ქართველი.

ჩემი მოხსენების დროს აქცენტები იყო გაკეთებული ბლუმენბახის აღნიშნულ მეთოდიკაზე და ,,მშვენიერ ქართველ ქალზე“. ამ საკითხზე მსჯელობამ (დღეს მიღებულ საერთაშორისო ენაზე) აუდიტორიაში დამსწრე ევროპელებს შორის აშკარად წყენა გამოიწვია. არადა, ჩემს საუბარში ყველანაირად ვცდილობდი თავიდან ამეცილებინა რასობრივი დისკრიმინაციის საკითხები, ვინაიდან თვით ბლუმენბახი უწესიერესი მეცნიერი და დიდი ჰუმანისტი იყო, თუმცა მოგვიანებით მისი ეს თეორია გამოიყენეს რასისტული მიმდინარეობის მეცნიერებმა და, მითუმეტეს, პოლიტიკოსებმა (თვით ფაშისტური გერმანიის ჩათვლით)…
კონფერენციაზე, ე.წ. ყავაზე შესვენებისას, არავითარი სურვილი არ გამიჩნდა ევროპელებთან თავის მართლებისა, რომ რასისტი არა ვარ!

ამ წერილის ლაიტმოტივი გახლავთ ის ფაქტი, რომ მოხსენების დროს ბლუმენბახის სამეცნიერო მასალის თანამედროვე პროტოტიპად გამოვიყენე ცნობილი, უმშვენიერესი ქართველი მანდილოსნები (ჩართული მქონდა სლაიდშოუში). ერთ-ერთი მოკიაფე ვარსკვლავი, ბლუმენბახისეული მშვენიერი ქართველი ქალის ჭეშმარიტი პროტოტიპი იყო ქალბატონი ლიკა ქავჟარაძე.

მოგვიანებით ეს მასალა, პოპულარულ ენაზე, შევიტანე ჩემს ბოლო მონოგრაფიაში – ,,ეს არის საქართველო“ (2015), გვ.27-34.

მოგახსენებთ ჩემს აზრს (შეიძლება სუბიექტურს): ახალგაზრდა ლიკა ქავჟარაძის გარეგნობას ვერ შევადარებ ვერც მერლინ მონროს, ვერც სილვანა პამპანინის, ვერც ნაომი კემპელს (რამდენიც გნებავთ ვიდავოთ გემოვნებაზე)… შესაბამისად, რეალურად და ინტუიტიურად გამოჩენილი გოტინგენელი სწავლული ტყუილუბრალოდ როდი აკეთებდა აქცენტს, როდესაც ევროპეოიდულის კვინტესენციად წარმოაჩინა ქართველი მანდილოსნის თავის ქალა და არაერთხელ შეამკო იგი, როგორც ითქვა, ,,ჩემი მშვენიერი ქართველი ქალი“!.

ლიკა ქავჟარაძე, ალბათ, გარდა სილამაზის მხრივ არქეტიპისა, უმშვენიერესი იყო თავისი უმანკო სულიერებით, უმოწყალო თავმდაბლობით, რასაც საბოლოოდ ემსხვერპლა კიდეც…

რამდენჯერ უნდა გახდეს მსგავსი ფაქტი შემზარავი გაკვეთილი სრულიად საქართველოსთვის? (თანაც ვინ მოთვლის რამდენ სფეროში)!!!