უმრავლესობას ექვსის ნაცვლად რვა ფრაქცია ეყოლება

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს,  საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რვა ფრაქცია ჩამოყალიბდება.  ამ დროისთვის, უმრავლესობაში ექვსი ფრაქციაა და მისი განმარტებით დამატებითი ფრაქციების შექმნა უკეთესი მენეჯმენტისთვის და კოორდინირებისთვის ხდება. დეპუტატის მტკიცებით, ფრაქციების გადაჯგუფება მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს არ უკავშირდება.

„კონსულტაციების შედეგად, სავარაუდოდ ორი ფრაქცია შეიქმნება, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ გაერთიანდებიან. გადაჯგუფება სხვა ფრაქციებიდანაც მოხდება, საბოლოო ჯამში, უმრავლესობის შიგნით რვა ფრაქცია იქნება.

ფრაქციების გადაჯგუფება რაიმე სახის პოლიტიკურ დაპირისპირებას არ უკავშირდება და ეს ცუდი ნათქვამია, რადგან თუ უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა, ეს ჯანსაღი პროცესი და დემოკრატიის უპირობო ნაწილია“, – განაცხადა მდინარაძემ.

რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო ექვსი დეპუტატია.

საპარლამენტო უმრავლესობაში ახალ ფრაქციებს ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებენ.