შსს თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვაზე მძღოლებს აფრთხილებს

24 ივნისს, „გარბენი-თბილისთან“ დაკავშირებით, ღამის 03:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, მარათონის მიმდინარეობისას კი ეტაპობრივად აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

ღონისძიების საორგანიზაციო და სცენის მოწყობის სამუშაოების გამო, 24 ივნისს ღამის 03:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე.

24 ივნისს, დილის 09:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ილია ჭავჭავაძის გამზირზე, პეტრე მელიქიშვილის, მერაბ კოსტავას და შოთა რუსთაველის გამზირებზე. ასევე, ავტომობილთა გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება  გამზირებთანდამაკავშირებელ ქუჩებზე.

მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ.

ასევე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები. მარათონის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.

მარათონში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის სპორტსმენებსაც.

მარათონს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უერთდება.