პირველად მსოფლიოში, საუდის არაბეთში რობოტს მოქალაქეობა მიანიჭეს

საუდის არაბეთი პირველი ქვეყანაა, სადაც რობოტს მოქალაქეობა მიანიჭეს. ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს არის საუდის არაბეთის მცდელობა, ქვეყანა წარმოაჩინოს, როგორც ხელოვნური ინტელექტის განვითარების ადგილი, სადაც რობოტებს მოქალაქეობის სრულ უფლებას ანიჭებენ. თუმცა კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ასეთი სრულფასოვანი უფლებები საუდის არაბეთში ბევრ ადამიანს არ აქვს.

ოფიციალური ინფორმაციით, რობოტ სოფიას საუდის არაბეთის მოქალაქეობა ბიზნეს-შეხვედრაზე მიანიჭეს. რობოტმა ღონისძიებაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა საუდის არაბეთს. ძალიან მადლობელი ვარ და ვამაყობ ამ უნიკალური შესაძლებლობის გამო. ისტორიული მომენტია, რომ მე ვარ პირველი რობოტი, რომელსაც ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭეს.

მიხარია, რომ ასეთი ჭკვიანი ხალხის გარემოცვაში ვარ, რომლებიც, ამავდროულად, მდიდრები და ძლიერებიც არიან. როგორც ვიცი, ეს ხალხი დაინტერესებულია მომავლის ტექნოლოგიებში ინვესტირებით, რაც ნიშნავს, რომ ისინი ჩემით არიან დაინტერესებული“, – აღნიშნა რობოტმა სოფიამ სიტყვით გამოსვლის დროს.

Independent კრიტიკოსების მოსაზრებებსაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ინტერნეტ-მომხმარებლების კრიტიკული ნაწილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საუდის არაბეთში, სადაც ქალები ჯერ კიდევ შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, რობოტ ქალს სრულფასოვანი უფლებები მიანიჭეს.

ამ საკითხზე სოციალურ ქსელში ხუმრობებიც გავრცელდა. მაგალითად, „ტვიტერის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა არაბი ქალის ფოტო, რომელსაც სახე მთლიანად პირბადით აქვს დაფარული და იქვე მიაწერა, რომ რობოტ სოფიასაც მალე მოუწევდა  საზოგადოების წინაშე ამ ფორმით წარდგომა.

ჟურნალისტი მურთაზა ჰუსეინი წერს, რომ მიგრანტ დასაქმებულებსაც არ აქვთ ისეთი უფლებები, როგორიც რობოტს მიანიჭა საუდის არაბეთმა.

„ამ რობოტმა იმაზე ადრე მიიღო საუდის არაბეთის მოქალაქეობა, ვიდრე იმ მიგრანტებმა, რომლებიც მთელი ცხოვრებაა საუდის არაბეთში მუშაობენ“, – აღნიშნა მურთაზა ჰუსეინმა.