კვირიკაშვილი მანჰეტენზე მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა

31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან ახლოს, სატვირთო მანქანის მძღოლი ველობილიკზე შევარდა და ფეხითმოსიარულეებს ეჯახებოდა.

ბოლო ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიღუპა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 6 გარდაცვლილის შესახებ. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, 6 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი – საავადმყოფოში. 11 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, თუმცა დაშავებულთა რაოდენობა შეიძლება მეტი იყოს, რადგან ზოგიერთმა ადგილი სავარაუდოდ დამოუკიდებლად დატოვა.

პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელი 29 წლისაა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნიუ-იორკში მანჰეტენზე მომხდარ ტერაქტს Twitter-ზე გამოეხმაურა.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ ნიუ-იორკში მომხდარი საზარელი თავდასხმის გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვა მიმართულია თავდასხმისას გარდაცვლილებისა და მათი ოჯახებისკენ“ – წერს გიორგი კვირიკაშვილი.