ჩვენს პლანეტაზე სამართლიანობის მწვავე კრიზისი დგას…

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)

      მწერალი

-“ადამიანის არსებობის მიზანი უნდა იყოს სიცოცხლე და არა უბრალოდ ბიოლოგიური არსებობა. მისი ბედნიერება უნდა ვლიდებოდეს სიხარულში, შინაგან აღმაფრენასა და თავისუფლებაში და არა ამქვეყნიურ კეთილდღეობაში.

დღეს, როდესაც ირგვლივ რწმენის უკმარისობა და სიამაყეა გამეფებული, არის საშიშროება იმისა, რომ ყოფიერების საზრისი წარიხოცოს. ამიტომაც გაბედულად და საჯაროდ უნდა ვაღიაროთ ღმერთი, რადგან ღია რწმენა სინათლეს ჰფენს ადამიანთა ყოფას. ამასთან, როცა ცხოვრება უფალზეა მინდობილი, თვით ტანჯვა და სიკვილიც კი ახალ აზრს იძენს. ჭეშმარიტი რწმენა არ არის გაუბედავი ხალხის თავშესაფარი, იგი თვალსაწიერის გაფართოვებაა, რამეთუ ის ადამიანს რეალობისაგან კი არ წყვეტს, არამედ ეხმარება, რომ ჩასწვდეს მის სიღრმისეულ მნიშვნელობას – თავად აწარმოოს საინტერესო აღმოჩენები. ვისაც მართლად სწამს, ყოველთვის სცდილობს, რომ ქრისტეს თვალებით უყუროს სამყაროს და უკუაგდოს პირადი მერკანტილიზმი თუ თვითგანდიდების კომპკლექსი, რომელიც მხოლოდ ეგოზე გადის. ცხადია, ეს იოლი არ არის, მაგრამ მცდელობა და კეთილი ზრაღვა, მოტივაცია და განწყობა, უფლისთვის მნიშვნელოვანია.

ამჟამად, ჩვენს პლანეტაზე, სამართლიანობის მწვავე კრიზისი დგას. ადამიანები თიტქოს ვშორდებით ერთმანეთს. ეს ყოველივე კი განპირობებულია იმ ინოვაციური კულტურით, რომელიც მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესზე ამყარებს იმედს, ან ცალკეული ადამიანის ნიჭზე, ამა თუ იმ ინდივიდის ინტელექტუალურ თუ სოციალურ უპირატესობაზე და არა საერთო-საზოგადო სიკეთეზე.

ღმერთმა ყველას აგვიხილოს გონებისა და გულის თვალი, დაგვაფიქროს სიცოცხლის მშვენიერებაზე, მის მაცხოვნებელ საზრისზე და მოგვიტევოს უგრძნობელობა ჩვენი!”

კომენტარის დატოვება